ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა, ისინი სპეცრეისით საქართველოში ჩამოიყვანეს
ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა, ისინი სპეცრეისით საქართველოში ჩამოიყვანეს

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სამხედროებს თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფიდან.

როგორც საქართველოს თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, სამხედროების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატო-ს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატო-ს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.

„სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში კოვიდპანდემიასთან ბრძოლის მზაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და გამართული სამედიცინო დაწესებულებაა. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის ორკვირიან კარანტინს გაივლიან.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატო-ს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ყველა იმ საპრევენციო და სარეკომენდაციო ზომების ეფექტიან გატარებას და ზედამხედველობას, რაც თავდაცვის ძალებსა და ზოგადად, ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

დატოვე კომენტარი