მარინა ენდელაძე მიიჩნევს, რომ სკოლები სათანადოდ არიან მომზადებული, რათა ინფექცია არ გავრცელდეს
მარინა ენდელაძე მიიჩნევს, რომ სკოლები სათანადოდ არიან მომზადებული, რათა ინფექცია არ გავრცელდეს

თბილისში შემთხვევათა რაოდენობა რეგიონებთან შედარებით ნაკლებია, ვინაიდან ვფიქრობ, დედაქალაქში რეგულაციების დაცვა მეტად ხდება და ხალხმა დაიჯერა, რომ კოვიდინფექცია ნამდვილად არსებობს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზამთარში მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვას. ამასთან, როგორც ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სკოლები სათანადოდ არიან მომზადებული, რათა ინფექცია არ გავრცელდეს.

„ტემპერატურაზე ვირუსი მაინცდამაინც არ რეაგირებს. ზამთარი უფრო გასაფრთხილებელია, რადგან უფრო მეტად დახურულ სივრცეებში მოგვიწევს ყოფნა. ამიტომ, სერიოზული სიფრთხილე გვჭირდება. აუცილებელია რეგულაციების დაცვა. როგორც ვიცი, სკოლები მომზადებულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეძლონ ამ რეგულაციების დაცვა. ამდენად, ვფიქრობ, სკოლებიდან ინფექციის მასობრივი გავრცელება არ უნდა იყოს“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი.

დატოვე კომენტარი