მარინა ენდელაძე - ჩვენთან დღეს ძალიან დადებითი ემოციების დღეა, პირველი პაციენტი გავწერეთ და ხვალ მეორეც გაეწერება
მარინა ენდელაძე - ჩვენთან დღეს ძალიან დადებითი ემოციების დღეა, პირველი პაციენტი გავწერეთ და ხვალ მეორეც გაეწერება

ჩვენთან დღეს ძალიან დადებითი ემოციების დღეა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

პირადი ექიმი

„გაგვახარა იმან, რომ პირველი პაციენტი გავწერეთ და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ხვალ მეორე პაციენტსაც გავწერთ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, სხვა პაციენტების მდგომარეობა დღეს სტაბილურია და გაუარესება არც ერთ მათგანს არ აღენიშნება.

„პნევმონიის შემთხვევები არის, მაგრამ გაუარესებული არც ერთი პაციენტი არ არის. რადიოლოგიურად, ლაბორატორიულად დადასტურებული პნევმონიებია, მაგრამ გამოხატული მნიშვნელოვანი სუნთქვის უკმარისობა, ანუ გაუარესება არ გვაქვს. რა თქმა უნდა, სიმძიმე არის, მაგრამ დიდი იმედით ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ჯერჯერობით, ყველასთან არ არის გასული ის ვადა, როცა შეიძლება, გაუარესების კლინიკა იყოს გამოხატული.

„ჯერჯერობით, ყველასთან არ არის ის ვადა გასული, როცა ველოდებით, რომ შეიძლება, რაღაც გაუარესების კლინიკა იყოს გამოხატული, მაგრამ იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად დამთავრდება იმ პაციენტებთან, რომლებიც ამჟამად ჩვენთან არიან მოთავსებული“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„დღეს, ამ მომენტამდე ახალი შემთხვევა არ გვაქვს. თუმცა, ახლა გაგზავნილი გვაქვს პასუხებისთვის. დღეს შემოწმდა 18 საეჭვო შემთხვევა და ვიცით, რომ შვიდზე უარყოფითი პასუხი გვაქვს, დანარჩენი თერთმეტის პასუხები კი არ მიგვიღია და ამდენად, საბოლოო დადასტურება ყველასი არ გვაქვს. ხვალ დილისთვის უკვე გვეცოდინება, იქნება თუ არა ახალი ინფიცირებული“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.