ირაკლი კობახიძე – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის მოქალაქეებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი, რომელიც უკვე 14 წელია, მოქმედებს, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა

20:30, 25.11.2026

2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში, ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თოდუას ახალი ქირურგიული კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროგრამა მოქმედებს უკვე 14 წელია.

„ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა. ყოველწლიური ბიუჯეტი 20-ჯერ გაიზარდა. 2013 წელს ბიუჯეტი იყო 70 მილიონი ლარი, 2023 წელს კი, მილიარდს გადააჭარბა და ეს მაჩვენებელი არის ყოველწლიურად მზარდი. მომავალ წელს ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით 150 მილიონით გაიზრდება და 1 მილიარდ 650 მილიონ ლარს მიაღწევს.

ეს მზარდი დაფინანსება ნიშნავს მთლიანად სამედიცინო სექტორის განვითარებას და ჩვენ მოხარული ვართ, რომ კერძო სექტორი მზარდ დაფინანსებას მაქსიმალურად უწყობს ფეხს. დღევანდელი დღეც, კლინიკის ახალი შენობაც არის ამ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ეხმარება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, ესენი არიან პენსიონერები, ბავშვები, მოზარდები, სტუდენტები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, პედაგოგები, ვეტერანები, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები. სახელმწიფო, სოციალური სტატუსის მიხედვით, 70-დან 100%-მდე აფინანსებს გადაუდებელ და გეგმურ მკურნალობას, ქირურგიას, კარდიოლოგიას, მშობიარობას, რეაბილიტაციასა და მედიკამენტებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი