მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ექვსი პაციენტიდან ოთხი აჭარაში მკურნალობდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხი პაციენტი აჭარაში მკურნალობდა.
როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.
„მაქვს ინფორმაცია ოთხ გარდაცვლილზე, ოთხივე აჭარაში მკურნალობდა. ესენი არიან ქალბატონები 65, 76, 80 და 90 წლის, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 11 271 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 119-ს შეადგენს. ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა 78-ს შეადგენს.