მარინა ჩიტაშვილი - მიხარია, რომ ბავშვები იგებენ „წიგნების თაროში“ და მწყინს - რა ეშველებათ ამ ჭკვიან ბავშვებს, ვინ მისცემს მათ თვითრეალიზაციის საშუალებას
მარინა ჩიტაშვილი - მიხარია, რომ ბავშვები იგებენ „წიგნების თაროში“ და მწყინს - რა ეშველებათ ამ ჭკვიან ბავშვებს, ვინ მისცემს მათ თვითრეალიზაციის საშუალებას

ჩემი აზრით, არჩევნებზე ყველა უნდა წავიდეს, პირველ ტურშიც და მეორეშიც, მაგრამ ნამდვილად მესმის, რატომ არ მიდის ახალგაზრდა და მათ ადგილას, შესაძლოა, არც მე წავსულიყავი, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფსიქოლოგმა, მარინა ჩიტაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„უნდა წავიდე თუ არა არჩევნებზე და არის თუ არა ეს ჩემი ხმის დელეგირებისთვის საუკეთესო გზა? მე სხვა უკეთესი გზა არ ვიცი, მაგრამ კარგად მესმის ახალგაზრდების, რომლებიც არჩევნებზე არ მიდიან. ამ ქვეყანაში, საარჩევნო კომისია იმასაც კი არ ითვლის, არჩევნებზე რამდენი ახალგაზრდა მივიდა. ეს სისტემის სიმპტომია, რომ ამ სისტემასა და სახელმწიფოს საერთოდ არ აინტერესებს, ახალგაზრდები ვინ არიან. თუ დემოგრაფიულ ჭრილს გადავხედავთ, იცით, სახელმწიფოს ვინ არ აინტერესებს? – საკუთარი მოსახლეობის 36%“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.

ფსიქოლოგმა სტუდიაში სტუმრად მყოფ, გადაცემა „წიგნების თაროს“ ავტორს, სანდრო ლორთქიფანიძეს გადაცემის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის ბავშვებთან ერთად თამაშობს.

„მიხარია, რომ ბავშვები იგებენ და მწყინს ერთი რამ – რა ეშველებათ ამ ჭკვიან ბავშვებს და ვინ იქნება ის, ვინც მათ თვითრეალიზაციის საშუალებას მისცემს. ხელისუფლებას, რომელიც მოდის, პრეზიდენტსაც, პარლამენტსაც და მინისტრთა კაბინეტსაც, მომავლის ხედვა უნდა ჰქონდეთ. ამას ეკოლოგიურ ხედვას ეძახიან“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.

მისი თქმით, მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე აიგება – ის, ვინც დღეს ახალგაზრდაა, 20 წლის შემდეგ რა იქნება.

„თუ ვინმე მეტყვის, რომ 20 წლის პერსპექტივით რამე გათვლილია, მე ხმას აღარ ამოვიღებ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, განვითარებაზე ნამდვილად ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს ქვეყანას, რომელიც ფიქრობს, რომ განვითარება უნდა და მეცნიერებასა და განათლებაში მინიმუმის მინიმუმს დებს“, – განაცხადა მარინა ჩიტაშვილმა.