მარიამ კუბლაშვილი - არ არის გამორიცხული, მალხაზ მაჩალიკაშვილის საგამოძიებო უწყებაში დაბარება ბოლო დროს გაკეთებულ მის განცხადებებს უკავშირდებოდეს
მარიამ კუბლაშვილი - არ არის გამორიცხული, მალხაზ მაჩალიკაშვილის საგამოძიებო უწყებაში დაბარება ბოლო დროს გაკეთებულ მის განცხადებებს უკავშირდებოდეს

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, მალხაზ მაჩალიკაშვილის საგამოძიებო უწყებაში დაბარება უკავშირდებოდეს მის განცხადებებსა და გამოსვლებს, რომელიც ერთი დღის წინ გააკეთა და ჰქონდა პირდაპირი ჩართვები.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, გაუგებარია, რატომ დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად მისი ძმისშვილიც.

„ჩემი ეჭვია, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება საქმეში არ არსებობს. უცნაური დამთხვევაა ისიც, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად დაბარებულია მისი ძმისშვილი, რომელიც მალხაზს თან ახლავს 24 საათი, მისი მხარდამჭერია. იგი არ იმყოფებოდა მაისში, როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა და ამ საკითხთან კავშირში არ არის. ან არსებობს რამე ახალი გარემოება, რაც გამორიცხულია, ვინაიდან გამოძიება თემირლანის საქმესთან დაკავშირებით დიდი ხანია, დასრულდა. რის გამო იბარებენ უშუალოდ ძმისშვილს, გაუგებარია. ვფიქრობ, ატარებს ერთგვარ ემოციურ ზეწოლას, რომ იყოს მინიშნება, თავი შეიკავოს განცხადებებისგან. დაფიქრდეს მხარდაჭერაზე და იყოს ფრთხილად. რამდენად სასწრაფო და გადაუდებელია ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი ითხოვენ მალხაზ მაჩალიკაშვილისგან. ცხადია, ამ შემთხვევაში მათ უფლება აქვთ, უწყება გააგზავნონ და შემდეგ მკაცრ ზომებს მიმართონ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სასწრაფო არ არის და მთელი რვა თვის განმავლობაში მისთვის არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ 2018 წლის მაისში გაკეთებულ განცხადებაზე, მისი სასწრაფო წესით მიყვანა იქნება ერთ-ერთი უხეში კანონდარღვევა და ვთვლი, რომ არ გააკეთებენ“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

როგორც დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას არ აპირებს. მისი თქმით, სუს-ში ხუთჯერ იყო გამოკითხვაზე, მეხუთედ მისვლაზე კი, 10 საათის განმავლობაში კითხავდნენ.