მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას არ აპირებს, სადაც ის გამოკითხვაზეა დაბარებული.

როგორც მან ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, სუს-ში ხუთჯერ იყო გამოკითხვაზე, მეხუთედ მისვლისას კი, 10 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

„პარასკევს ღამით, პირდაპირი ჩართვა მქონდა მიუნხენში, ევროპაში ემიგრანტებთან თემირლანის საქმეზე. ეს ადამიანები დამპირდნენ, რომ წავიდოდნენ საფრანგეთში და ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა ეს საქმე გასულიყო ევროპაში, რომ მე ჩავსულიყავი შენგენის ზონაში, ყველა ენაზე გადათარგმნიდნენ თემირლანის საქმეს. ამ თემაზე გვქონდა საუბარი. მეორე დღეს, შაბათს 10:00 საათზე მოცვივდნენ უსაფრთხოების სამსახურიდან და მთხოვეს, გავყოლოდი მოდულის შენობაში“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის თქმით, მას სთხოვდნენ უწყებაზე მოეწერა ხელი. მაჩალიკაშვილის განცხადებით, მან იკითხა, რასთან დაკავშირებით იბარებდნენ სუს-ში, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

„მე ვარ ხუთჯერ ნამყოფი დაკითხვაზე. ჩემთვის იქ მისვლა არის სიკვდილი. ვიცი, ჩემი შვილის მკვლელები იქ სხედან. მაინც მივედი ხუთჯერ, რადგან არ თქვან, რომ კანონმორჩილი არ ვარ. მეხუთედ რომ მივედი, 10 საათის განმავლობაში დამკითხეს. როცა განვაცხადე, მე აქ მეტჯერ არ მოვალ-მეთქი, ამის გამო დამკითხეს კიდევ 10 საათი. ყველა კითხვა თემირლანზეა. ბავშვი, რომელიც არაფერში არ იყო გარეული, რომელსაც არ ჰქონდა დანაშაული, შეთხზეს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, ის თავს არიდებს სუს-ში მისვლას.

„ახლა არის მარხვის თვე. ჯერ მთელი ენერგია მეკარგება, იქ რომ მივიდე და მათ დავუჯდე. შეიძლება მდგომარეობიდან გამომიყვანონ. თავს ვარიდებ. ჩემი და თემირლანის საქმესთან დაკავშირებით, ესენი ნაღმზე სხედან. იმ ნაღმს სულ მალე, თვითონ ააფეთქებენ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დღეს 11:00 საათზე იყო გამოკითხვაზე დაბარებული.