მარიამ ჯაში - უმრავლესობის დატოვების ან სხვა საკადრო ცვლილების საკითხი უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში არ დამდგარა
მარიამ ჯაში - უმრავლესობის დატოვების ან სხვა საკადრო ცვლილების საკითხი უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში არ დამდგარა

დეპუტატი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, განსხვავებული პოზიციის გამო უმრავლესობის დატოვების ან სხვა სახის პასუხისმგებლობაზე მსჯელობა არ ყოფილა.

მისი თქმით, ძირითადი აქცენტი მიმდინარე მოვლენების განხილვას დაეთმო.

„პრაქტიკულად, ჩემთვის რა მოლოდინიც მქონდა ჩემი კოლეგებისგან, ის გამართლდა. მიმდინარეობდა მსჯელობა გადაწყვეტილებების საფუძვლებზე. რაც შეეხება უმრავლესობის დატოვებას ან რამე სხვა საკადრო ცვლილებას, ეს საკითხი საერთოდ არ დამდგარა დღევანდელ დღის წესრიგში, უბრალოდ საინტერესო იყო იმ აზრთა გაცვლა, რომელმაც განსხვავებული აზრის მხარდაჭერა გამოიწვია. შესაბამისად, ჩვენ ძირითადი აქცენტი დავუთმეთ არა განსხვავებული აზრის განხილვას, არამედ მიმდინარე მოვლენებს. ჩემი მხრიდან აბსოლუტურად არ ყოფილა საჭირო დამატებითი არგუმენტების მიწოდება. იყო მსჯელობა ზოგადად პროცესზე. საკმაოდ ზედაპირულად და მოკლედ მოხდა ამ საკითხზე მსჯელობა“, – განაცხადა დეპუტატმა.

საქართველოს პარლამენტმა 26 ივნისს თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურას სასამართლოსთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიემართა. მარიამ ჯაში ერთ-ერთი ის დეპუტატი იყო, რომელმაც ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა, კერძოდ,  ჯაშმა კენჭისყრაზე რეგისტრაცია არ გაიარა.