მარიამ ჯაში - სოფლად და მაღალმთიანი რეგიონების სასწავლო დაწესებულებების საკითხზე აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა
მარიამ ჯაში - სოფლად და მაღალმთიანი რეგიონების სასწავლო დაწესებულებების საკითხზე აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა

სკოლების პრობლემატიკის განხილვა საერთო ჭრილში არ შეიძლება და აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა, განსაკუთრებით სოფლად და მაღალმთიან რეგიონების სასწავლო დაწესებულებებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ლაგოდეხში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ჯაშმა განათლების რეფორმაზე ისაუბრა და განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

,,განათლების სისტემაში ჩვენ ველოდებით უპრეცედენტოდ მაშტაბურ ფინანსურ ინვესტიციას. სულ მცირე, 500 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს განათლებაში სახელმწიფო დანახარჯები. ეს რეალურად ნიშნავს ყოველწლიურად ბევრად უფრო მეტ დანახარჯს, რათა უფრო მეტი სკოლა გარემონტდეს, აშენდეს ახალი სკოლები, შეიქმნას ახალი სასწავლო სივრცეები და რეაბილიტაცია მოხდეს, როგორც სპორტული ინფრასტრუქტურის, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების თვალსაზრისით იყოს ყველაფერი უზრუნველყოფილი, მასწავლებელთა ხელფასების ანაზღაურება და რაც მთავარია, ხარისხზე ორიენტაცია რჩება პრიორიტეტად“, – განაცხადა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ასევე, მარიამ ჯაშმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მაშტაბით იმ სკოლებზე, სადაც წელს პირველკლასელთა რეგისტრაცია არ განხორციელდა. მისი თქმით, დაგეგმილია მიზეზების ინდივიდუალური განხილვა. ამასთანავე, მან სოფლად პედაგოგების სიმცირის პრობლემის მოგვარების გზებზეც ისაუბრა.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების – ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობას შეხვდნენ, განხორციელებული სახელმწიფო პროექტები გააცნეს და ადგილობრივი მოსახლეობისგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.