საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხში ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობას შეხვდნენ
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხში ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობას შეხვდნენ

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების – ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობას შეხვდნენ, განხორციელებული სახელმწიფო პროექტები გააცნეს და ადგილობრივი მოსახლეობისგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ასეთი შეხვედრების მიზანია, ხელისუფლებამ მოუსმინოს საზოგადოებას და 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს მათი აზრი და მოთხოვნები.
ლაგოდეხში შეხვედრაზე მოსახლეობამ მიწის დარეგისტრირების, სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტის, აგროდაზღვევაში რეგულაციებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საკითხებზე ისაუბრა.

ადგილობრივები მომავალი რთველის ჩატარების საკითხითაც დაინტერესდნენ.

„გავიგეთ, რომ წელს 1 კგ ყურძენი 60 თეთრი ეღირება. თუ ეს მართალია, ეს არის სასაცილო ფასი. მისი მოყვანა ყოველწლიურად ძვირდება, შხამქიმიკატები და საწვავი გაძვირდა, ყველა პროდუქტი ძვირდება და ყურძნის ფასი რატომ არის დაბალი?! ეს უსამართლობაა“, – განაცხადა აფენის მკვიდრმა იზო ლობჟანიძემ.

როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ნეგატიური მოლოდინები გააჩინა იმ პოლიტიკურმა პროცესებმა, რომელიც 20 ივნისს შემდეგ განვითარდა.

„ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო, რომ ექსპორტი განხორციელდეს რუსეთში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთი არ არის სტაბილური პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როგორც ექსპორტიორი ქვეყანა, დღეს უარი ვთქვათ. წელს არ იქნება პირდაპირი სუბსიდირება, სახელმწიფო შეიძლება ჩაერიოს ირიბად, განახორციელოს გარკვეული დონის სახელმწიფო შესყიდვა, რომ კონკურენცია აწიოს და კერძო სექტორმა იმაზე ნაკლებ ფასად არ შეისყიდოს ყურძენი. ფერმერებს ყურძენს იმ ქარხნებში ჩავაბარებინებთ, რომელიც თავის სოფელთან და ვენახთან იქნება ახლოს. ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ არ მოხდეს რიგებში ჩადგომა და არ იყოს რაიმე შეფერხებები“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.