მარიამ ჯაში - კულტურის სამინისტროს გამოყოფას მივესალმები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, კულტურის სფეროს სათანადო დაფინანსება თუ არ ექნება
მარიამ ჯაში - კულტურის სამინისტროს გამოყოფას მივესალმები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, კულტურის სფეროს სათანადო დაფინანსება თუ არ ექნება

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ბექა ოდიშარიას კანდიდატურის არჩევის შემთხვევაში, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გაუმჯობესდება, თუმცა მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს, სტრატეგიული პრობლემების აღმოსაფხვრელად რომელი კანდიდატი იქნება ეფექტური.

როგორც ჟურნალისტებს ჯაშმა განუცხადა, კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანების წინააღმდეგი იყო.

„ჯერ კიდევ შარშან, როცა კულტურისა და განათლების სამინისტროს გაერთიანება განიხილებოდა, ამის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან მოსალოდნელი იყო ჩრდილში მოქცევა არა მხოლოდ კულტურის სფეროს, არამედ დამატებით ადმინისტრაციული ბარიერების შექმნა. ამის გამო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ხელოვანები უკმაყოფილებას აფიქსირებდნენ. თუ გამოყოფა მოხდება, ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ საკმარისი არ არის კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფა, თუ კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ფინანსების გამოყოფა არ მოხდება. ერთადერთი დადებითი გაერთიანებით იყო სახელოვნებო განათლების გაძლიერება და უკეთესი კოორდინაცია. სხვა შემთხვევაში ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა, გადაწყვეტილებების მიღება დროში უფრო გაწელილი იყო და კულტურის სფეროს ეფექტურობაზე ცვლილებამ დადებითად ვერ იმოქმედა”, – განაცხადა ჯაშმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, მმართველ გუნდში კულტურის მინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელეს და ერთ-ერთ კანდიდატად პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დასახელდა.

ბექა ოდიშარიას გარდა, კულტურის მინისტრის პოსტზე განიხილება განათლების მინისტრის მოადგილის, ბადრი მაისურაძის კანდიდატურაც.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაძლო გაყოფაზე განცხადება გასულ წელს გაკეთდა. სამინისტროს გაყოფა მმართველი გუნდის წევრებმა, კერძოდ, კულტურისა და სპორტის სფეროს მიმართულების დეპუტატებმა მოითხოვეს.

დატოვე კომენტარი