მარიამ ჯაში ინიციატივით გამოდის, პირველი მოადგილის სტატუსი მიენიჭოს გაერთიანებული უწყების მინისტრის მოადგილეს, რომელიც კულტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს
მარიამ ჯაში ინიციატივით გამოდის, პირველი მოადგილის სტატუსი მიენიჭოს გაერთიანებული უწყების მინისტრის მოადგილეს, რომელიც კულტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ინიციატივით გამოდის, განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანების შემთხვევაში, კულტურის მიმართულების ხელმძღვანელ მინისტრის მოადგილეს განსაკუთრებული პოზიცია მიენიჭოს – პირველი მოადგილის სტატუსით.

სამინისტროების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტზე განათლებისა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობენ.

ჯაშის ინფორმაციით, მას გუშინ ინდივიდუალური კონსულტაციები ჰქონდა, როგორც უმრავლესობის ლიდერთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან.

„განათლების კომპონენტში სახელოვნებო და სპორტული განათლების ინტეგრაციას მივესალმები, რადგან ეს იქნება მხოლოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალის განვითარების თვალსაზრისით, თუმცა გარკვეული კითხვები მრჩება სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. თუკი სამინისტროების გაერთიანებაზე თანხმობა იქნება, ჩემი პრინციპული პოზიცია და თხოვნაა მთავრობის მიმართ, რომ კულტურის მიმართულებით ხელმძღვანელ მოადგილეს განსაკუთრებული პოზიცია მიენიჭოს – პირველი მოადგილის სტატუსში, რაც გარკვეულ გარანტიებს მოგვცემს, რომ კულტურის სფეროს განსაკუთრებული პრიორიტეტი ექნება. კულტურის სფეროს როგორც დაფინანსება, ასევე პრიორიტეტად დასახელება, ჩემთვის პირადად, საპარლამენტო ზედამხედველობის მთავარი აქცენტი გახდება”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კითხვაზე, როგორია მისი პოზიციის შესახებ პრემიერ-მინისტრის განწყობა, ჯაში პასუხობს, რომ პრემიერ-მინისტრს თავისი საკმაოდ ძლიერი არგუმენტები აქვს.

„ვიზიარებდი დიდი ცივილიზაციის მქონე ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც ინარჩუნებენ კულტურას, როგორც ცალკე უწყებას ან ტურიზმთან ინტეგრირებულს. ჩემი პოზიცია იქნებოდა, კულტურის სფეროს ცალკე შენარჩუნება. ვფიქრობ,  სულ მცირე, თავს შევიკავებ გაერთიანებული უწყების მხარდაჭერისგან, რადგან ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია, თუმცა სამთავრობო გუნდსა და პრემიერს ხელს შევუწყობდი რეფორმის განხორციელებაში“, – განაცხადა დეპუტატმა.

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხს დღეს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ. მათ შორის ცვლილებები განიხილება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე.

ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება.