მარიამ ბოლქვაძე სანდერლენდის ტურნირის მეოთხედფინალშია, ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას გამოეთიშა #1TVSPORT
დიდ ბრიტანეთში, სანდერლენდის ტურნირზე ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ და მეოთხედფინალში გავიდა.
მერვედფინალში ბოლქვაძემ მსოფლიოს 524-ე ჩოგანი, ნიდერლანდელი ჟასმინ გიმბრერჟე სამ სეტში, 6:1, 6:7, 6:3 დაამარცხა. მანამდე, მეთექვსმეტედფინალში მარიამმა ჩეხ პალიცოვას ორ სეტში სძლია.
მარიამ ბოლქვაძე, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ქალ ჩოგბურთელთა რეიტინგში 481-ე ადგილზეა, მეოთხედფინალში ლიხტენშეტეინის წარმომადგენელს, კატინკა ვონ დეიხმანს შეხვდება, რომელიც სანდერლენდის ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, მსოფლიო რეიტინგში კი 283-ე ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტეში შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო.
სანდერლენდის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. მსოფლიოს ყოფილი მე-16 ნომერი მერვედფინალში ფრანგ დენ ადიდთან სამ სეტში, 6:0, 3:6, 6:7 დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამ მატჩამდე ბრიტანელ ფოლეის ორ სეტში მოუგო. ამჟამად ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 595-ე ადგილზეა.