მარია შარაპოვა კვლავაც ვერ ახერხებს კორტზე დაბრუნებას. მორიგი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მან ვერ შეძლო, ამ კვირას მიმდინარეობს ქალაქ ლინცში. მიუხედავად ამისა, რუსმა ჩოგბურთელმა მაინც გადაწყვიტა ავსტრიაში ჩასვლა და იქ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
მარიამ ოდნავი ნოსტალგია გამოამჟღავნა წარსულის მიმართ და სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა.
“მე არასოდეს მქონდა განსაზღვრული მიზნები კარიერის ხანგრძლივობის შესახებ. როცა 19 წლის ვიყავი, არ ვფიქრობდი, რომ 30 წლამდე ვითამაშებდი. მე ჩემი კარიერის ფინიშთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე დასაწყისთან ან შუა ნაწილთან. მაგრამ ვინ იცის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ვაკეთებ ყველაფერს, რათა სწრაფად აღვიდგინო ძალები, მაგრამ ზეწოლას არ ვგრძნობ. ჩემში ცეცხლი ისევ ანთია. ვიცი, რა არის საჭირო მომავალში წარმატების მისაღწევად. მინდა საკუთარ თავსა და სხეულს საუკეთესო შანსები მივცე.
მიყვარს ეს თამაში, მაგრამ ცხოვრებაში სხვა მიზნებიც მაქვს”, – მოჰყავს შარაპოვას სიტყვები Tennis World-ს.
ბოლოს მარია შარაპოვა კორტზე აშშ-ის ღია პირველობის პირველ წრეში იყო, სადაც მომავალ ფინალისტთან სერენა უილიამსთან დამარცხდა.