მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ოქროს მედლები, გრან პრის ფინალის საგზური და ზაგრების ყინულის არენაზე აჟღერებული საქართველოს ჰიმნი
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იუნიორთა შორის გრან პრის მეექვსე ეტაპზე გათამაშდა მედლების კომპლექტი სპორტულ ცეკვებში, რომელშიც 14 ქვეყნის 17 წყვილი მონაწილეობდა. საქართველოს წარმომადგენელი სპორტული წყვილის, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიასათვის ეს სერიის მეორე ეტაპი იყო რიგაში გამართული ტურნირის შემდეგ. ამ ეტაპის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა გრან პრის ფინალური საგზურის მოსაპოვებლად და 5-9 დეკემბერს იტალიის ოლიმპიურ ქალაქ ტურინში გასამგზავრებლად.
ზაგრებში, მოკლე და თავისუფალ პროგრამებში მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ღირსეულად იასპარეზეს, სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენეს ორივე პროგრამაში და ჯამური 169 , 22 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს.
ქართველი მოციგურავეების კარიერაში ეს პირველი ოქროს მედლებია გრან პრის სერიის ეტაპზე.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის სპორტული ცეკვების ისტორიაში კაზაკოვა-რევიას წყვილი, წელს უკვე მეორედ გახდა გრან პრის ფინალისტი და სხვადასხვა ეტაპზე მონაწილე ფინალის საგზურის მაძიებელ 70 წყვილს შორის სარეიტინგო 28 ქულით ისეთი სამი ქვეყნის ექვს ფინალისტ წყვილს შორის ასპარეზობის უფლება მოიპოვა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი.
ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.