მარია ჯუფერევა-სკურატოვსკი - ჩვენ ვხედავთ, რომ ბოიკოტი არ არის საუკეთესო გზა მოსახლეობის ინტერესების გამოხატვისთვის
მარია ჯუფერევა-სკურატოვსკი - ჩვენ ვხედავთ, რომ ბოიკოტი არ არის საუკეთესო გზა მოსახლეობის ინტერესების გამოხატვისთვის

მოვუწოდებ საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ სიღრმისეული მოლაპარაკებები და განსაზღვრონ შესაძლებლობები, რათა ერთად იმუშაონ პარლამენტში, – ამის შესახებ ესტონელმა დეპუტატმა, „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრმა, მარია ჯუფერევა-სკურატოვსკიმ ​ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს განიხილავენ.

„ტინი კოქსის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ჩემი პოლიტიკური ჯგუფის სახელით, მოვუწოდებ საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ სიღრმისეული მოლაპარაკებები და განსაზღვრონ მათი შესაძლებლობები, რათა ერთად იმუშაონ პარლამენტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოიკოტი არ არის საუკეთესო გზა მოსახლეობის ინტერესების გამოხატვისთვის და კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დასაცავად. მეორე, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მმართველი პარტიის ინიციატივას, რაც იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც არ შედიან პარლამენტში, საბიუჯეტო დაფინანსებისა და სხვა ბენეფიტების შეწყვეტას ითვალისწინებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამან შეიძლება, გამოიწვიოს პოლიტიკური სიტუაციის გაუარესება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. მესამე, ჩვენ მივესალმებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელმაც უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები უნდა შეისწავლოს. მეოთხე, ჩვენ მივესალმებით საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით გაიმართება და მეხუთე, ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, რომ ტრადიციული ბიულეტენების სისტემასთან ერთად, განხილული იყოს ელექტრონული არჩევნების სისტემაც“, – განაცხადა მარია ჯუფერევა-სკურატოვსკიმ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შესახებ ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ანგარიშის ავტორია ტინი კოქსი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყველა პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ.