მარეკ კუხჩინსკიმ პოლონეთის სეიმის დელეგაციასთან ერთად ლეხ კაჩინსკის მემორიალი ყვავილებით შეამკო
მარეკ კუხჩინსკიმ პოლონეთის სეიმის დელეგაციასთან ერთად ლეხ კაჩინსკის მემორიალი ყვავილებით შეამკო

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა მარეკ კუხჩინსკიმ დელეგაციასთან ერთად პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მემორიალი ყვავილებით შეამკო, რის შემდეგაც გმირთა მოედანზე, ომში დაღუპული გმირების მემორიალთან გადაინაცვლა.

დღესვე მარეკ კუხჩინსკი სოფელ ოძისში ჩავა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობა. ასევე, მარეკ კუხჩინსკი სავარაუდოდ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი პოლონეთის სეიმის დელეგაციასთან ერთად გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კუხჩინსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა, შეხვედრის შემდეგ კი მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის საპარლამენტო ასამბლეის წესდებას მოაწერეს ხელი. გარდა ამისა, გუშინ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა, ქართველ კოლეგასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰენრიხ ჰრინევსკის სახელობის ხელოვნებისა და პოლონური ლიტერატურის დარბაზი გახსნა, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტში პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილ მიღებაში მიიღო მონაწილეობა.

პოლონეთის სეიმის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში დღეს დაასრულებს.