საქართველოს დღეს პოლონეთის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი ეწვევა
საქართველოს დღეს პოლონეთის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი პოლონეთის სეიმის დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, მხარეები საქართველოსა და პოლონეთს შორის საპარლამენტო ასამბლეის წესდებას მოაწერენ ხელს და მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

დღესვე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი, ქართველ კოლეგასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰენრიხ ჰრინევსკის სახელობის ხელოვნებისა და პოლონური
ლიტერატურის დარბაზს გახსნის, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტში პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილ მიღებაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის მეორე დღეს მარეკ კუხჩინსკი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე ლეხ კაჩინსკის მემორიალს თბილისში.

ამის შემდეგ, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი სოფელ ოძისში ჩავა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობა.

მარეკ კუხჩინსკი ასევე ეწვევა მცხეთას. ხვალვე იგეგმება შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

​როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ განაცხადა, საქართველოსა და პოლონეთის პარლამენტებს შორის საპარლამენტო ასამბლეის დამფუძნებელი წესდების ხელმოწერა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს უფრო მეტად გააღრმავებს.

„პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოსა და პოლონეთის პარლამენტებს შორის საპარლამენტო ასამბლეის დამფუძნებელი წესდების ხელმოწერა. ეს თვისობრივად სხვა ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს თანამშრომლობას საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ზოგადად, პოლონეთსა და საქართველოს გამორჩეულად თბილი და მეგობრული თანამშრომლობა გვაკავშირებს. პოლონეთი ყოველთვის ლობირებს საქართველოს ინტერესებს ყველა საერთაშორისო ფორმატში. მტკიცე მხარდამჭერი არის როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის. პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩვენ გვექნება საუბარი პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე, ისევე, როგორც სექტორულ თანამშრომლობაზე. ნამდვილად არის იმის პოტენციალი, რომ ჩვენი ურთიერთობები საპარლამენტო დონეზე უფრო მეტად გაღრმავდეს და უფრო მეტად შედეგიანი იყოს“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

მისივე თქმით, საქართველოსა და პოლონეთს შორის საპარლამენტო ასამბლეის დამფუძნებელი წესდების ხელმოწერა ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის იარსებებს საპარლამენტო ასამბლეა, რაც გააღრმავებს ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის.

სოფო ქაცარავამ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სადაც პოლონეთის პარლამენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მტკიცე მხარდაჭერას ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით და გმობს რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას.

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშლის საქართველოში ვიზიტი 6 ნოემბერს დასრულდება.