მარადონას ვაჟი – მამაჩემი უცხოპლანეტელია, მესი – პირველი ადამიანებს შორის #1TVSPORT

13:18, 19.07.2026

არგენტინის ნაკრების ლეგენდის, დიეგო მარადონას ვაჟმა დიეგო მარადონა-უმცროსმა განაცხადა, რომ არ შეიძლება მისი მამის შედარება ლიონელ მესისთან.

– რაშია ამ არგენტინის ნაკრების საიდუმლო?

– ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავი გუნდია, და როცა მისი ლიდერი ბოლომდე ირთვება, ის სხვაობას აკეთებს. ისინი ფინალში გავიდნენ ხასიათის, თავდადებისა და გამარჯვების სურვილის წყალობით. და ეს იმის მიუხედავად, როგორი წვლილი შეიტანა მესიმ, თუმცა, რა თქმა უნდა, მან უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.

– ხედავთ თუ არა მსგავსებას ამ ნაკრებსა და 1986 წლის გუნდს შორის, რომელთან ერთადაც მამათქვენმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო?

– არა, რადგან ეს ნაკრები, რომელიც მესის გარშემოა აწყობილი, გაცილებით ძლიერია, ვიდრე მამაჩემის გუნდი. ამით იმის თქმა არ მსურს, რომ 1986 წლის გუნდი სუსტი იყო, მაგრამ ეს არგენტინის ნაკრები უფრო ძლიერია. მსგავსებას მე ვხედავ ხასიათში, მისწრაფებაში, ნებისმიერ ფასად წარმოადგინონ საკუთარი ქვეყანა და დაიცვან ეროვნული ნაკრების ღირსება. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ორი განსხვავებული ნაკრებია.

ერთშიც და მეორეშიც არიან საფეხბურთო გენიოსები…

– დიახ, ოღონდ 1986 წელს გუნდი ეყრდნობოდა უცხოპანეტელს, დღეს – პირველს ადამიანებს შორის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის ორი ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ, შექმნან სხვაობა.

– მარადონასა და მესის შედარება ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა იყო ამ ზაფხულს.

– ის, ვინც ასეთ შედარებებს აკეთებს, ძალიან სულელია, და მე ამას ვამბობ სრული პატივისცემის გამოხატვით. ჯერ ერთი, თავად მესიმ თქვა, რომ ეს შედარება უადგილოა, რადგან დიეგო – ნომერ პირველია; მეორე – ფეხბურთი შეიცვალა. როგორ შეიძლება, შეადარო მოთამაშე, რომელიც იმ ეპოქაში გამოდიოდა, როცა მინდორზე დაშვებული იყო პრაქტიკულად ყველაფერი – წიხლის ჩარტყმა, მუშტების ქნევა, ხისტი შეჯახებები – იმ ფეხბურთელს, რომელიც თამაშობს იმ დროში, როცა ფეხზე პირველივე დაბიჯებისას პენალტი ინიშნება? და მესამე – არ შეიძლება უცხოპლანეტელისა და ადამიანის შედარება.

– მესი ზედიზედ მეორედ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. თუ ის ზედიზედ მეორე ტიტულს მოიგებს, რაც ვერ შეძლო თქვენმა მამამ, ვინ გახდება ის არგენტინისთვის?

– ის გახდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგრამ შედარების საკითხში ეს არაფერს ცვლის, თუნდაც 10 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს.

მსგავსი