მიუნხენის „ბაიერნის“ 38 წლის მეკარემ, მანუელ ნოიერმა გერმანიის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„15 წლისა და 124 საერთაშორისო მატჩის შემდეგ ჩემი კარიერა გერმანიის ნაკრებში დასასრულს მიუახლოვდა. ნებისმიერმა, ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან რთულად მივიღე. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ და, რა თქმა უნდა, მხიბლავს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გამოსვლის პერსპექტივა. და მაინც, რთული და ხანგრძლივი საუბრების შემდეგ ოჯახსა და მეგობრებთან იმ აზრამდე მივედი, რომ ახლა ზუსტი დროა ნაკრებში თამაშის დასასრულებლად.
დღეს, როცა უკან ვიხედები, განვიცდი სიამაყესა და მადლიერებას! პირველ რიგში, იმიტომ, რომ 2014 წლის 13 ივლისს ჩვენ შევძელით გრანდიოზული ოცნების ასრულება და ერთად გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები ბრაზილიაში. შვიდი წლისა და 61 მატჩის განმავლობაში მე მანდეს გერმანიის ნაკრების კაპიტნობა, სანამ ტრავმას მივიღებდი. ეს პატივია, რომელსაც ყოველდღე ვაფასებდი.
წელს საშინაო ევროპის ჩემპიონატი კიდევ ერთი ბრწყინვალე მოვლენა გახდა, მაგრამ, სამწუხაროდ, რაღაც არ გვეყო ტიტულის მოსაპოვებლად. ყოველ წამს ვგრძნობდი განსაკუთრებულ ეიფორიას და მთელი ქვეყნის გაერთიანებას. მოდით, ასევე გავაგრძელოთ!
უდიდესი მადლობა ყველა თანამშრომელს, ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემ გვერდით იყვნენ ჩემი დებიუტის მომენტიდან – 2009 წლის 2 ივნისიდან! და განსაკუთრებით, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ძვირფასო გულშემატკივრებო მრავალწლიანი მხარდაჭერის გამო! მე მიყვარდა ნაკრების მაისურის ტარება! მადლობა!“ – დაწერა ნოიერმა სოციალურ ქსელში.
ლეგენდარული გოლკიპერი 2009 წლიდან თამაშობდა ეროვნულ გუნდში და მის შემადგენლობაში 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ასევე ბრინჯაოს მედლები მოიგო მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე და ევროპის ორ ჩემპიონატზე (2012, 2016).
ნოიერი რეკორდსმენია გერმანიის ნაკრებში მეკარეებს შორის ჩატარებული (124) და „მშრალი“ მატჩების (51) რაოდენობით.
ეროვნულ ნაკრებში ნოიერისთვის ბოლო მატჩი გახდა ევრო 2024-ის მეოთხედფინალი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.