მანუელ ნოიერი და „ბაიერნი“ ახალ კონტრაქტზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ
მანუელ ნოიერი და „ბაიერნი“ ახალ კონტრაქტზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ

მიუნხენის „ბაიერნი“ აგრძელებს მოლაპარაკებას ახალი კონტრაქტის თაობაზე მეკარე მანუელ ნოიერთან. კლუბმა ფეხბურთელს შესთავაზა სამწლიანი შეთანხმება და წლიური ხელფასი 12 მილიონი ევროს ოდენობით, მაგრამ თავად ნოიერს „ბაიერნში“ დარჩენა 2024 წლამდე სურს. ამ ინფორმაციას „სპორტ1“ (Sport1) ავრცელებს.

გარდა ამისა, ნოიერი წელიწადში 20 მილიონ ევროს ითხოვს. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი „ბაიერნში“ „შალკეს“ მეკარის, ალექსანდრ ნიუბელის გადასვლაა, ნოიერს კი სურს, რომ გუნდში პირველი მეკარეობა გარანტირებული ჰქონდეს.

აღსანინავია, რომ „ბაიერნში“ თავად ნოიერიც „შალკედან“ არის გადასული. ეს მოხდა 2011 წელს და მას შემდეგ მიუნხენელებმა შვიდჯერ მოიგეს ეროვნული ჩემპიონატი. გარდა ამისა, ნოიერი „ბავარიელთა“ შემადგენლობაში ოთხჯერ გახდა გერმანიის თასის მფლობელი, სამჯერ – სუპერთასის გამარჯვებული, ხოლო 2013 წელს ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.