მანჩინი არ გამორიცხავს ევრო 2020-ზე ბუფონისა და დე როსის გამოძახებას
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი არ გამორიცხავს – „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი და „ბოკა ხუნიორსის“ ნახევარმცველი დანიელე დე როსი ევრო 2020-ზე ეროვნული გუნდის საბოლოო განაცხადში მოხვდნენ.
ორივე ფეხბურთელმა ადრე დაასრულა საერთაშორისო კარიერა. ბუფონი იტალიის ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით (176). დე როსის 117 მატჩი დაუგროვდა ნაკრებში.
„ჩვენ გვინდა დავაბრუნოთ ეროვნული გუნდი იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას. იტალიას ოთხჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე 1968 წლიდან არ გაუმარჯვია. ამიტომაც, ევრო 2020-ზე ბოლომდე მისვლა გვსურს.
ბუფონისა და დე როსის გამოსათხოვარი მატჩები? ეს იყო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის იდეა და მე დავეთანხმე მას. კარგი იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ ამის ორგანიზებას. არ არის გამორიცხული, ეს ევროპის ჩემპიონატზე მოხდეს“, – განაცხადა მანჩინიმ ტელეკომპანია RAI-ის ეთერში.