ჟურნალისტ მარსელო ბეჰლერის ინფორმაციით, „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი ახლოს არის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან. როგორც ირკვევა, ინგლისელებმა უკვე დაიწყეს მზადება ფეხბურთელის შესაძლო პრეზენტაციისთვის. კერძოდ, „სიტი“ დაუკავშირდა ერთ-ერთ კომპანიას და მას არგენტინელის თამაშის საარქივო კადრები შეუკვეთა.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი ცდილობს „ბარსელონა“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, რადგან მიაჩნია, რომ კონტრაქტში არსებული პუნქტი აძლევს ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტის საშუალებას. გუნდის ხელმძღვანელობა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს ფორვარდის გაშვებას, თუ მისი მსურველი კლუბი კონტრაქტში მითითებულ გამოსასყიდ თანხას – 700 მილიონ ევროს გადაიხდის.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ 33 წლის მესი შეხვდა „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას და მასთან შესაძლო ტრანსფერი განიხილა. დაიწერა იმის შესახებ, რომ ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელს ხუთ წელიწადში 500 მილიონი გადაუხადონ.