მამუკელაშვილის 4 ქულა და 6 მოხსნა „მინესოტასთან“ - სანდროს მატჩს იანისიც ესწრებოდა [ვიდეო] #1TVSPORT
ლას ვეგასში MGM Resorts-ში NBA-ის საზაფხულო ლიგა დასასრულს უახლოვდება. დღის პირველ მატჩში „მილუოკი“ „მინესოტას“ დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით 64:91 დამარცხდა. „ბაქსის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო 22 წლის ქართველი მძიმე ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც მიუხედავად კარგად ჩატარებული წინა ორი თამაშისა, ამ შეხვედრაში შედარებით უფრო ნაკლებად პროდუქტიული იყო.
მამუკელაშვილმა 26 წუთი ითამაშა და 4 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა (3-3 შეტევაში და დაცვაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ საშუალო დისტანციიდან 5-ჯერ ისროლა და მხოლოდ ერთხელ ჩააგდო, პერიმეტრიდან კი 3 მცდელობიდან ვერცერთი გამოიყენა. ქართველმა კალათბურთელმა საჯარიმოს ხაზიდან კალათში ბურთი ორიდან ორჯერ მოათავსა. მან 2-ჯერ დაკარგა ბურთი და აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთხელ დაჯარიმებულა.
„ბაქსიდან“ ამჯერად საუკეთესო რენდოლფი იყო 17 ქულით, ორმაგ დუბლამდე კი 1 ქულა დააკლდა მამადი დიაკიტეს, მას 9 ქულასთან ერთად 10 მოხსნა დაუგროვდა.
შეხვედრას „მილუოკის“ ჩემპიონობის მთავარი შემოქმედი, იანის ანტეტონკუმპოც ესწრებოდა, რომელიც თავის გუნდს გულშემატკივრობდა.
შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილმა სადებიუტო შეხვედრაში „კლიპერსის“ წინააღმდეგ ორმაგი დუბლი 11 ქულითა და 12 მოხსნით დააგროვა, მეორე მატჩში კი მის ანგარიშზე 10 ქულა და 8 მოხსნა იყო.
შემდეგ მატჩს სანდროს „მილუოკი ბაქსი“ 15 აგვისტოს, „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ გამართავს, რომელიც ამ საზაფხულო ლიგაზე ბოლოსწინა იქნება.