მამუკა წოწერია - „ნაციონალური მოძრაობისთვის" საარჩევნო კამპანიის წარმოება რთულია, რადგან სანდრა რულოვსისთვის ზუგდიდი არის უცხო
მამუკა წოწერია - „ნაციონალური მოძრაობისთვის" საარჩევნო კამპანიის წარმოება რთულია, რადგან სანდრა რულოვსისთვის ზუგდიდი არის უცხო

გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ პროვოკაციად აფასებენ.

როგორც ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სამეგრელოში არ დავიწყებიათ და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მათ საარჩევნო კამპანიის წარმართვა უჭირთ.

„პროვოკაციები ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. შსს ყველა ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. „ქართული ოცნება“ ორიენტირებულია მხოლოდ საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე და ჩვენ ზუგდიდის განვითარებაზე ვფიქრობთ, ხოლო სანდრა რულოვსისთვის ზუგდიდი არის უცხო და შესაბამისად, მათთვის კამპანიის წარმოება არის რთული. ისინი გარკვეულ სპეკულაციებს ეწევიან, ამიტომ იმედი გვაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს შესაფერის საარჩევნო გარემოს. პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ნაწამები ადამიანების რეაქციაზე და პროტესტზე, მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა წოწერიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ის პირები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების თქმით, მათ უთვალთვალებდნენ, „ქართული ოცნების“ წევრები არ არიან, თუმცა შესაძლოა, იყვნენ მხარდამჭერები.

მისივე თქმით, თვალთალი „ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა და არა „ქართლი ოცნების.”

„იმ პირებთან დაკავშირებით, ვინც მათ მიერ გადაღებულ კადრებზე ჩანს, ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა არ გამოვრიცხავ, როგორც ამომრჩეველი ჩვენი მხარდამჭერი იყოს. არავინ არ უთვალთალებს მათ, ეს არ არის ჩვენი სტილი. რაც შეეხება მიმოწერას, ფალსიფიკაცია „ნაციონალური მოძრაობის” სტილია და ამიტომ მე ამ საკითხზე ვერ გაგცემთ პასუხს. „ნაციონალური მოძრაობას”​ უჭირს საარჩევნო კამპანიის წარმოება, რადგანაც ხალხს სამეგრელოში ახსოვს მათი მმართველობის პერიოდი და ამიტომ საზოგადოებას აქვს პროტესტი, და მათ ამის უფლება კანონის ფარგლებში აქვს. მათ მოუწევთ საზოგადოების მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა, დანარჩენი ყველაფერი არის პროვოკაცია“, – განაცხადა წოწერიამ.

ზუგდიდში,  გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის შტაბში ბრიფინგი გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, გუშინ, მთელი დღის მანძილზე ცდილობდნენ საბოტაჟი მოეწყოთ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსისთვის.

დღევანდელ ბრიფინგზევე „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ წარადგინა ფოტო და ვიდეო მასალა სადაც, მისი თქმით, ჩანს როგორ უთვალთვალებდნენ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები სანდრა რულოვსს.

წითლიძემ ასევე, გამოაქვეყნა სამხარეო პოლიციიის თანამშრომლების მიმოწერა, სადაც მისი თქმით, საუბარია იმაზე, თუ როგორ გეგმავენ ისინი ამომრჩეველთან შეხვედრაზე ხელის შეშლას.

ზუგდიდში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი – პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ასევე  პარტიის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. მოგვიანებით, პოლიციამ პატარაია და წითლიძე გაათავისუფლა, ხოლო მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.