მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, დავით კირკიტაძის მსგავსი ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, დავით კირკიტაძის მსგავსი ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დავით კირკიტაძის მსგავსი ბრალდებით, კიდევ ერთი პირია დაკავებული, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მან სამართალდამცველი უწყებისგან მიიღო.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თუ რომელიმე საქმეში არსებობს პოლიტიკური სპეკულაციის ალბათობა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები მუდმივ კავშირში არიან სამართალდამცავ უწყებებთან, რომ მსგავს საქმეებზე ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიიღონ.

ამასთან, მდინარაძის ინფორმაციით, ველისციხესთან განვითარებული მოვლენების დროს სულ ოთხი ადამიანია დაკავებული. აქედან ორი, მათ შორის დავით კირკიტაძე ერთი და იმავე ბრალდებით დააპატიმრეს, ხოლო კიდევ ორი ადამიანი სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

კირკიტაძე 16 დეკემბერს გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა.