მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით ფაქტობრივი უზუსტობაა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით ფაქტობრივი უზუსტობაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House)  ანგარიშში „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით ფაქტობრივი უზუსტობაა.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, მედიას ამ საკითხზე ამომწურავ პასუხს ორგანიზაციის კვლევის დეტალურად გაცნობის შემდეგ გასცემს.

„ჩვენი თანაგუნდელის რამდენიმე განცხადება მომხვდა თვალში. ჯერჯერობით მწირი ინფორმაცია მაქვს და მაგალითად, ვიცი, რომ საუბარია რამდენიმე უზუსტობაზე,  გეტყვით, რაც თვალში მომხვდა. მაგალითად, ხაზარაძესთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მის მიმართ გამოძიება დაიწყო და ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოვიდა. ეს ფაქტობრივი უზუსტობაა, არა შეფასებითი, არამედ ფაქტობრივი, რადგან ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაცილებით ადრე გააკეთა და გამოძიება გაცილებით ადრე იყო დაწყებული. ამის შემდეგ იყო გარკვეული სამართლებრივი ღონისძიებები გატარებული. როგორც ვიცი, ფაქტობრივი უზუსტობებია, დეტალურად არ ვიცი, წავიკითხავ და შემდეგ გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა მდინარაძემ.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ (Freedom House) სახელწოდებით – „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

დატოვე კომენტარი