მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა
მამუკა მდინარაძემ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს ათი წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე. თითოეულ მათგანს, ყველას უკლებლივ თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რომ, ამაყად შეგვიძლია, ვთქვათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამ სიტყვებს – არასდროს საქართველოში არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ ქართველების, ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდა აქ და დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს. ამიტომ მე მადლიერი ვარ ყველა გადაწვეტილების, რითაც ამ საერთო, დიდი საქვეყნო მიზნისკენ მივდიოდით.
მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა, მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ ათი წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა არის მაქსიმალური, ურთულესია, არ არის მარტივი ამბავი. მინდა, დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე, ურთულესია, როცა ეს პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, მათ შორის თითოეულ მხარდამჭერს, არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს, ვინც სტიმულს გვაძლევს ხოლმე, რათა მეტი ჟინით ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, 29 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნებოდა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა, სექტემბერში კი გაუქმდებოდა რეგიონული განვითარების სამინისტრო. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნამდე მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.