მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
პრემიერის განმარტებით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო იძლევა შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე იქნეს უზრუნველყოფილი.
„რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველვყოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანაა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება.
„რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე, სწორედ ამ მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სექტემბერში გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და მინისტრი კახაბერ გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.
„რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის, შესაბამისად, სექტემბერში გაუქმდება. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მადლობას უხდის კახა გულედანს მინისტრის პოზიციაზე გაწეული უაღრესად მაღალპროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.
„სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ვინაიდან საჭიროებს კანონის მიღებას, ამ თანამდებობის შექმნამდე, სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.
მინდა, ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ წარმატებებს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.