მამუკა მდინარაძე - ვეთანხმები ადამ კინზინგერს, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის და ეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება
მამუკა მდინარაძე - ვეთანხმები ადამ კინზინგერს, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის და ეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება

ჩვენ ნებისმიერ კოლეგას, ეს იქნება უცხოეთში, სტრატეგიულ პარტნიორებთან თუ ა.შ. ყველას მთელი პასუხისმგებლობით ვეტყვი, რომ სასამართლო პოლიტიკური იარაღი „ქართული ოცნების“ ხელში არ არის და საქართველოში ასე არასოდეს არ იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩვენ წარსულშიც ვნახეთ, როცა სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტული განცხადებები გაკეთდა. რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებებიც ვნახეთ, აბსოლუტურად პოზიტიური და განსხვავებული. ძალიან სამწუხაროა, რომ თუ ასეთი პრეცედენტი ისევ დაფიქსირდა, მაგრამ პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ, რომ მსგავსი პრეცედენტები მინიმუმადე შემცირდეს. თუ ამ საქმეზე ვინმეს შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს, მხოლოდ სასამართლოსთან დაკავშირებით, რაც განიხილება სტრასბურგში, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. თუ ვინმე დარღვევას ხედავს და ფიქრობს, რომ გადამეტება იყო, რაც საქართველოს პირველმა და მეორე ინსტანციებმა მიიჩნია, ეს უნდა გასაჩივრდეს სტრასბურგში. ამ საქმეში პროცედურული დარღვევა არ არსებობს. ადამ კინზინგერის მყისიერი რეაგირება ვნახეთ. თუ კინზინგერი გაიმეორებს იმ ინფორმაციას, რომ ორჯერ გასამართლება ერთსა და იმავე საქმეზე მოხდა, ყოველგვარი მორიდების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის რეალური ინფორმაცია, რადგან ეს არის პროცედურის არასწორი ინტერპრეტაცია. საქართველოში, „ნაცები“ და მათი სატელიტები ცდილობენ, რომ საზოგადოება ამ ინტერპრეტაციით მოატყუონ და არ საუბრობენ იმაზე, რომ 48 მილიონის გაფლანგვაზეა საუბარი და ასჯერ ნაკლები თანხის გაფლანგვის გამო არჩეული მერი სასჯელს იხდის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

კონგრესმენი ადამ კინზინგერი გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც კინზინგერმა აღნიშნა, სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის.