მამუკა მდინარაძე - უსაფუძვლოა ბრალდებები, რომ რადგან „რუსთავი 2"-ის მეწილეები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ამაში ჩარეულია ხელისუფლება
მამუკა მდინარაძე - უსაფუძვლოა ბრალდებები, რომ რადგან „რუსთავი 2"-ის მეწილეები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ამაში ჩარეულია ხელისუფლება

აბსოლუტურად უსაფუძვლოა ბრალდებები იმის შესახებ, რომ რადგან ტელეკომპანიის მეწილეები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ამაში ჩარეულია ხელისუფლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთი რამ ფაქტია, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არის დაცული ისე, როგორც არასდროს.

„კონკრეტული ტელეკომპანიის შიდა დავა, ფინანსური დავა თუ სხვადასხვა მონაწილეს შორის დავა, გამოყენებულია ხელისუფლების წინააღმდეგ. სხვაგვარად არც ველოდით ნამდვილად. ერთი რამ ფაქტია, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არის დაცული ისე, როგორც არასდროს. ფაქტია ისიც, რომ უკანასკნელ წლებში ორმოც ქვეყანას გადავუსწარით პრესის თავისუფლების ინდექსით და ამ მიღწევის დაკარგვას ნამდვილად არ ვაპირებთ და არ ვაპირებთ აგრეთვე, რომ სიტყვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე დაემუქროს. ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა ანუ ჩვენი პასუხისმგებლობაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში არაფერი დაემუქროს და ეს მთავარი მიღწევა წყალში არ ჩაიყაროს.

აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ბრალდებები იმის შესახებ, რომ რადგან ტელეკომპანიის მეწილეები ერთმანეთს უპირისპირდებიან და უჩივიან, ამით აუცილებლად გამოვიტანოთ ვარაუდებზე აგებული დასკვნა, რომ ამაში ჩარეულია ხელისუფლება. გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, ეს არის ტენდენციის ნაწილი, თუმცა სიტყვის თავისუფლების მთავარი მიღწევის დაკარგვას „ქართული ოცნების” ხელისუფლება დამერწმუნეთ, არ აპირებს”, – განაცხადა მდინარაძემ.

გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან ითხოვს ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარს.

ნიკა გვარამიას თქმით, ნინო ნიჟარაძე არის „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, აწ განსვენებული გოგი გეგეშიძის მეუღლე. გვარამია აცხადებს, რომ გეგეშიძეს დაგროვილი ჰქონდა საბიუჯეტო დავალიანება და ეს დავალიანება არ გაუსტუმრებია, მიუხედავად იმისა, რომ გეგეშიძის დირექტორობის პერიოდში არხზე შესავალი მეტი იყო, ვიდრე არხიდან გასავალი.

„საგადასახადო შეთანხმებით გადასახადი 2010 წელს განულდა. განულდა 2012 წელსაც. აი, ამ ყოფილი დირექტორის სამართალმემკვიდრე მედავება მე, ნიკა გვარამიას გადასახადების გადაუხდელობას. იმ ნიკა გვარამიას, რომელსაც კომპანია დახვდა სავალალო მდგომარეობაში, რომელსაც კომპანიაში ბუღალტერიაც კი არ გადმობარდა. არც არსებობდა პრაქტიკულად ბუღალტერია გოგი გეგეშიძის დროს, არსებობდა შავი შენატანები და გასავლები კომპანიაში. 2012 წელს გაჩნდა ამ კომპანიაში რეალურად ბუღალტერია. 2012 წლის მეორე ნახევრიდან, 2013 წელს, მოდი, ასე ვთქვათ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.