მამუკა მდინარაძე - უკვე ნათელია, ვისგან გადიოდა „ჩატებიდან“ სხვადასხვა გზავნილები, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო ეთერებიდან იგებდა
მამუკა მდინარაძე - უკვე ნათელია, ვისგან გადიოდა „ჩატებიდან“ სხვადასხვა გზავნილები, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო ეთერებიდან იგებდა

უკვე ნათელია, ვისი მხრიდან გადიოდა „ჩატებიდან“ სხვადასხვა გზავნილები, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო ეთერებიდან იგებდა, – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ეკა ბესელის დღევანდელ განაცხდებაზე, რომ მისი სალანძღავი ტექსტი მდინარაძემ შემთხვევით მასვე გაუგზავნა. ბესელიას თქმით, ეს სწორედ ის ტექტსი იყო, რომლითაც შემდეგ ბესელიას შესახებ უნდა ელაპარაკათ.

ამასთან, როგორც მდინარაძე აცხადებს, ეს არ იყო სპიკერებისთვის გასაგზავნი მესიჯი და მას დეპუტატ ნინო წილოსანს უგზავნიდა,  თუმცა შემთხვევით ეკა ბესელიას გაუგზავნა.

„ნინო წილოსანთან გასაგზავნი მესიჯი 15:38 საათზე შეცდომით ეკა ბესელიასთან გაიგზავნა. ეკამ ვერ გაუძლო ელემენტარულ ტესტს – შეიძლება ადვილად ვივარაუდოთ, მთელი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და შეიძლება წლების განმავლობაშიც, ვინ დარბოდა „რუსთავი 2“-თან მესიჯებით და ვის გაჰქონდა შიდა მესიჯები გარეთ. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი ისეთი იქ არ ეწერა, იყო მთელი დღის ამონაკრები, თუ რა მესიჯები გახმოვანდა ჩვენი მხრიდან. ნინო წილოსანმა მკითხა, თუ რა გახმოვანდა ჩვენი მხრიდან, რადგან ვერ მიადევნა თვალყური, ვუთხარი, რომ ჩამოწერილი გვქონდა და გადავუგზავნიდი. შეცდომით ეს გაიგზავნა ეკა ბესელიასთან. მას ახლა ახალი საქმე მიეცა და ეს გამოადგა აქტუალიზაციისთვის და აგრძელებს ჩვეულ სტილში. წარმოუდგენელია იმ აბსურდის მტკიცება, რომ მე გავუგზავნე ეს ირაკლი კობახიძეს და მან გაახმოვანა. ელემენტარულ ტესტს ვერ გაუძლო და ადვილად ვივარაუდებთ, თუ ვის და როგორ გაჰქონდა მესიჯები გუნდიდან. რამდენიმე წუთში გავარდა და ტელევიზიებს ეს ამბავი მოუყვა. ამას ალბათ ადრეც გააკეთებდა. აქედან გამომდინარე, იუმორისტულ შოუში მოვყვები ამ ამბავს დიდი სიამოვნებით, რადგან მართლა უხერხულობის მომენტია და ყველას შემთხვევია ასეთი რამ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძემ მისი სალანძღავი ტექსტი შემთხვევით მასვე გაუგზავნა.

„მამუკა მდინარაძემ შემთხვევით ჩემთან გამოაგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი, რომელსაც სხვებს უგზავნიდა. მივწერე მე მამუკას და დაიწყო ბოდიშების მოხდა, მაგრამ არ მჭირდება მე არც მისი და არც პარლამენტის თავმჯდომარის ბოდიში. სამარცხვინოა, რაც ხდება, სახე აქვთ დაკარგული. როგორც ჩანს, ამიტომ დამწკრივდნენ და აკეთებდნენ დღეს ერთნაირ განცხადებებს. ვერ გავასაჯაროებ გზავნილს, რადგან პერსონალურ მონაცემს შეიცავს მაინც, თუმცა თავადაც არ უარყოფს ამ ყველაფერს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.