მამუკა მდინარაძე - თანხები სხვადასხვა სფეროდან არის გამოყოფილი, რათა ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირება მტკივნეული არ ყოფილიყო
მამუკა მდინარაძე - თანხები სხვადასხვა სფეროდან არის გამოყოფილი, რათა ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირება მტკივნეული არ ყოფილიყო

თანხები სხვადასხვა სფეროდან არის წამოღებული, რომ სუბსიდირება მტკივნეული არ ყოფილიყო, – ამის შესახებ ფრაქცია  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომლითაც განმარტა, თუ რის ხარჯზე ხდება ტარიფებს სორის სხვაობის სუბსიდირება.

მისი თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით მთავარი გამოწვევა იყო, რომ ეს არ შეხებოდა განსაკუთრებით იმ ფენებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება.

„გადაწყვეტილება ჯერ საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ და შემდეგ ბიუჯეტის პროექტში აისახა. საქართველოს მოქალაქეებს დღესვე უნდა სცოდნოდათ, რომ 300 კვტ-მდე ელექტროენერგია დასუბსიდირებული იქნება. ასევე მოხდება საკვები პროდუქტების სუბსიდირება. წყლის ტარიფიც სუბსიდირებული იქნება სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. სუბსიდირებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობების მაქსიმალურ ზღვარზე შევეცადეთ. ვიმსჯელეთ, ეს თანხები საიდან უნდა ყოფილიყო გამოყოფილი, მოხდა ბიუჯეტის პროექტის კორექტირება და რომელიმე მსხვილ პროექტს ეს რომ არ შეხებოდა, ფინანსთა სამინისტროს ნამუშევარი ჰქონდა, თანხები სხვადასხვა სფეროდან არის წამოღებული, რომ სუბსიდირება მტკივნეული არ ყოფილიყო“, – აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ 2021 წლის განმავლობაში მოქალაქეები დენის ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ. მისი თქმით, მთავრობა დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას, 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის დაასუბსიდირებს.