მამუკა მდინარაძე - სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, გავიდა ჯგუფი, იწვალა და აღმოჩნდა ცრუ ინფორმაცია, რესურსი დაიხარჯა არასწორად, ასეთი ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ
მამუკა მდინარაძე - სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, გავიდა ჯგუფი, იწვალა და აღმოჩნდა ცრუ ინფორმაცია, რესურსი დაიხარჯა არასწორად, ასეთი ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, გავიდა ჯგუფი, იწვალა და აღმოჩნდა ცრუ ინფორმაცია, რესურსი დაიხარჯა არასწორად. ასეთი ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ასევე დამატებით პრობლემებს იწვევს, როცა მოხალისეები საკოორდინაციო შტაბთან კოორდინაციის გარეშე მოქმედებენ.

„მინდა, შევუერთდე გუშინდელ განცხადებას, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ გაავრცელა. ზოგადად, მოხალისეობრივი თვითინიციატივები არის ძალიან კარგი. ბუნებრივია, მორალურად ძალიან კარგია, მაგრამ ხშირად თვითინიციატივები და საკოორდინაციო შტაბის გარეშე მოქმედება დამატებით პრობლემებს იწვევს. გუშინ და დღეს ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა დასახმარებლად წასული ადამიანები თავად გახდნენ დასახმარებლები. ვთხოვ ყველას, ნუ ჩააგდებენ ამ მდგომარეობაში ჩვენს მაშველებს, მუნიციპალიტეტის, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. ამ დროს ვიღაც რესურს კარგავს, რომ უფრო მალე მივიდეს მასთან ის ადამიანი, რომელსაც ეს ხელეწიფება. აქედან გამომდინარე, თუკი შესაძლებელია, ყველა მოქმედება შეუთანხმონ საკოორდინაციო საბჭოს, საკოორდინაციო შტაბს და იმოქმედონ მათი მითითებების შესაბამისად. აქ დალაგებულია შესაბამისი მენეჯმენტი. ხშირია შემთხვევები, როცა სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება ინფორმაცია, მაგალითად, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რაც აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო რეალობიდან და იმ შემთხვევაში რესურსი დაიხარჯა არასწორი მიმართულებით. რეაგირება რომ არ მოახდინო, შეიძლება, რაღაც დამღუპველი შედეგი ჰქონდეს. გავიდა ჯგუფი, დიდხანს იწვალეს და ეს ინფორმაცია აღმოჩნდა ცრუ. ოღონდ ვიღაცამ პიარი გაიკეთოს – უნდა შევძლოთ, რომ ასეთი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. არის რაღაც მომენტები, როცა უნდა გაჩერდე ადამიანი, ყველაფერს დაანებო თავი, თუნდაც რაღაც მორალისტობის, ნაძალადევი პლატფორმის შექმნას, პოლიტიკაზე აღარ ვლაპარაკობ. ყველას ვთხოვ მაქსიმალურად კოორდინაციას, თუ ვინმეს ამისი სურვილი აქვს, დიდი სიამოვნებით, მადლობა. ეს საჭიროება დიდად არ დგას, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ყველაზე მიუვალ, გაუვალ ადგილებშიც იყოს. მდგომარეობა ნამდვილად არ არის მარტივი. შევეცადოთ, ერთმანეთს მაქსიმალურად ამოვუდგეთ მხარში. სახელმწიფო აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს და ვცდილობთ, რეაგირების გარეშე არ დარჩეს არცერთი ადგილი, ადამიანზე მორგებული, მის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე მორგებული პრიორიტეტების მიხედვით. ასეთი რეაგირება იქნება ყველა წამს და ყველა წუთს. საკოორდინაციო საბჭო მუშაობს, მათ შორის, შესაბამისი ბაზებია შექმნილი, რაც მენეჯმენტს აუმჯობესებს და უფრო სწრაფს ხდის. თავიდან ბოლომდ ვართ მობილიზებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დიდთოვლობის გამო რთული მდგომარეობაა იმერეთის რეგიონშიც და დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს.

„სამწუხაროდ, ინტენსიური თოვაა. ინტენსიური თოვაა იმერეთის რეგიონშიც. მაგალითად, ბაღდათში, ჭიათურაში, სამტრედიაში, ქუთაისში, ზესტაფონშიც. განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში არის ძალიან რთული მდგომარეობა. იქ დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს დამატებითი ძალების. იცით, რომ, პრემიერის ბრძანების შესაბამისად, ჩართულია თავდაცვის ძალები და მაქსიმალურად ხდება კოორდინირება, მენეჯმენტი, რათა ყველაზე გაუვალ ადგილებში არ დარჩეს ისეთი ოჯახი, სადაც მისვლა ვერ შევძლოთ. ბუნებრივია, არის ხოლმე შეფერხებები, რიგ შემთხვევებში მაღალმთიან სოფლებში არის ასეთი ადგილები, სადაც მუხლუხებიანი მძიმე ტექნიკა ვერ გადაადგილდება და მაშველებს სჭირდებათ საათები, ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე საათი, რომ გაკვალონ გზა, ეგრეთ წოდებული გვირაბებიც კი გააკეთონ და ისე მივიდნენ. ასეთი შემთხვევებიც დაფიქსირდა“, – აღნიშნა მდინარაძემ.