მამუკა მდინარაძე - საქართველოს ხელისუფლება არასდროს დააპირებს დეოკუპაციის გზაზე სიარულს ომის გზით
მამუკა მდინარაძე - საქართველოს ხელისუფლება არასდროს დააპირებს დეოკუპაციის გზაზე სიარულს ომის გზით

ვინმეს ოდნავ მაინც თუ ეპარება ეჭვი, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ სურს, საქართველოში იყოს მეორე ფრონტი, მაშინ კი ბატონო, ჩავატაროთ პლებისციტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა ირაკლი კობახიძის ის განცხადება, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს: „ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ გამოკითხვა, პლებისციტი, ხალხს უნდა თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. ეთანხმება უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, თუ ეთანხმება ჩვენს პოზიციას მეორე ფრონტის არგახსნასთან დაკავშირებით“.

მამუკა მდინარაძის თქმით, საკითხზე განსხვავებული პოზიცია არც მას აქვს.

„რატომ დადგა ასე საკითხი, რომ მე უნდა შევაფასო ირაკლი კობახიძის განცხადებები. გგონიათ, განსხვავებული პოზიცია მექნება? თუ ვინმეს ოდნავ მაინც ეჭვი ეპარება იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ უნდა, საქართველოში იყოს მეორე ფრონტი და ამაში ქართულ პერსპექტივას ვერ ხედავს, მაშინ კი ბატონო, ჩავატაროთ პლებისციტი. ამ ყველაფერმა შეიძლება, გაუადვილოს საქმე ჩვენს მეგობარ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ამ მოცემულობით და დათქმით გნებავთ საქართველოში იყოს მეორე ფრონტი გახსნილი? ამ მოცემულობითაც შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ამაზე. გნებავთ ეს მიიღეთ რიტორიკულ მოწოდებად, მაგრამ თუ რომელიმე ადამიანს და ჯგუფს ეჭვი ეპარება, რომ ამაზე პასუხი იქნება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის, რომ არა, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობა, თუ საწინააღმდეგო აზრია, ჩავატაროთ პლებისციტი, მაგრამ თქვენც კარგად იცით პასუხი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს დააპირებს დეოკუპაციის გზაზე სიარულს ომის გზით.

„საქართველოს მოქალაქე არ არსებობს, რომელიც იტყვის, რომ დეოკუპაციის გზაზე არ უნდა ვიაროთ შეუქცევადად და ყველაფერი არ უნდა გავაკეთოთ, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ოღონდ ეს ომით თუ მშვიდობით, ჩემი პასუხია – მშვიდობით. დეოკუპაციაზე ომის კონტექსტში რომ ლაპარაკობთ, ეს არის დამაზიანებელი. საუბრობთ ომზე და ომს რომ უკავშირებთ დეოკუპაციას, ეს არის დამაზიანებელი. უკაცრავად გამოთქმისთვის, მაგრამ არა მხოლოდ მე რომ ვთქვა ასეთი სიგიჟე, არამედ თქვენც, ჟურნალისტმას რომ თქვათ, ეს არის დამაზიანებელი. ამას ისმენენ აფხაზები, ოსები და მათ გარანტირებულად უნდა იცოდნენ, რომ საქართველო და მისი არც ერთი ხელისუფლება არასდროს დააპირებს დეოკუპაციის გზაზე სიარულს ომის გზით. მხოლოდ მშვიდობით, ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება. ისევე, როგორც დასავლური კურსია ქართველი ხალხის ნება, როგორც ეს ჩაიწერა კონსტიტუციაში, ასევე უნდა ჩავიბეჭდოთ გონებაში, რომ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი დები და ძმები, აფხაზები და ოსები, ჩვენი ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ მხოლოდ მშვიდობის დათქმით და არ უნდა ვილაპარაკოთ, არ უნდა გადავაბათ ირიბად, შეფარვით ეს კონტექსტი საომარი მოქმედებების დაწყებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.