ირაკლი კობახიძე - ხალხს უნდა ვკითხოთ, უნდათ მეორე ფრონტი საქართველოში, თუ არ უნდათ
ირაკლი კობახიძე - ხალხს უნდა ვკითხოთ, უნდათ მეორე ფრონტი საქართველოში, თუ არ უნდათ

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, მათი გაცხადებული სურვილია, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი და ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად უკრაინაშია, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს არის ძალიან ღია გზავნილი.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არ ვიცი, ეს გზავნილი საზოგადოების წინაშეც არის ალბათ – ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ გამოკითხვა, პლებისციტი, ხალხს უნდა თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. რასაც იტყვის ხალხი, იმას შეიძლება გავყვეთ, ვნახოთ. ხალხმა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ეთანხმება უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, თუ ეთანხმება ჩვენს პოზიციას მეორე ფრონტის არგახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, უკრაინის არაერთმა მაღალი რანგის ჩინოსანმა გააკეთა შესაბამისი განცხადებები და მათ პირდაპირ თქვეს, რომ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში იყო სასურველი.

„ეს არის მათი პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხალხს უნდა ვკითხოთ ჩვენ, უნდათ მეორე ფრონტი საქართველოში, თუ არ უნდათ. თუ უნდა ხალხს, შეიძლება ერთად ვიმსჯელოთ მერე. თუ არ უნდა, სხვა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და შევინარჩუნოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გვაქვს მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.