მამუკა მდინარაძე - ქვეყნის გამთლიანებაზე, თავისი ტერიტორიების, თავისი დებისა და ძმების დაბრუნებაზე საქართველო ყოველთვის იზრუნებს, მაგრამ ეს არ იქნება ომის გზით
მამუკა მდინარაძე - ქვეყნის გამთლიანებაზე, თავისი ტერიტორიების, თავისი დებისა და ძმების დაბრუნებაზე საქართველო ყოველთვის იზრუნებს, მაგრამ ეს არ იქნება ომის გზით

საქართველოს მტრობა თუ ვინმეს უნდა, ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს. ასეთი ადამიანების აღარ მიკვირს. ისინი ომის მოწოდებებს პირდაპირ ახორციელებდნენ, მაგრამ მე ნამდვილად მიკვირს იმ ეროვნებით ქართველების, რომლებიც ასეთ განცხადებებს არ გმობენ და არ ემიჯნებიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არასდროს ეცდება საკუთარი ტერიტორიები ძალისმიერი მეთოდებით დაიბრუნოს.

„ამხელა რესურსის ხარჯვას, უბრალოდ ერთ დღეს ადგნენ, ასეთი განცხადებები დაგმონ და გაემიჯნონ, გაბედონ და თქვან, დავალების მიმცემებს გაუბედონ და თქვა, არა, მე ქართველი ვარ და ეს უნდა გავაკეთო, რა დავალებაც არ უნდა მომცენ, მე ამას ვბედავ და ვამბობ, რომ დამაზიანებელია, არ შეიძლება, საქართველოსთვის მტრულია განცხადება, რომელიც მოგვიწოდებს ომისკენ. საქართველო თავისი ტერიტორიების დაბრუნებაზე, ქვეყნის გამთლიანებაზე, თავისი დების და ძმების – აფხაზების და ოსების დაბრუნებაზე ყოველთვის იზრუნებს, მაგრამ ეს არ იქნება ომის გზით. ბევრს უნდა, როგორც ჩანს, რომ ეს იყოს ომის გზით, მაგრამ იმ ხალხმაც, ჩვენმა დებმა და ძმებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უნდა იცოდნენ, რომ საქართველო ამას არასდროს განახორციელებს ომის გზით. ეს არის ომისკენ მოწოდება და ახლა, იმ ეროვნებით ქართველებმა და დავალების მიმღებებმა ქვეყნის გარედან, კეთილი ინებონ და კითხვას გასცენ პასუხი, ემიჯნებიან და გმობენ თუ არა ასეთ განცხადებას, რომელიც არის პირდაპირ ომისკენ მოწოდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის დღესაც თვლის, საქართველო ოკუპირებულ რეგიონებს თავის ტერიტორიებად თუ მიიჩნევს, უნდა დაეცვა თავისი ქვეყანა.