მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, ფეისბუქსივრცე გაჯერებულია სიყალბითა და სიძულვილის ენით, თუმცა თავად „ფეისბუქმა“ გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს
მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, ფეისბუქსივრცე გაჯერებულია სიყალბითა და სიძულვილის ენით, თუმცა თავად „ფეისბუქმა“ გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმუარა „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული პირების გვერდების, ასევე ჯგუფების წაშლის თაობაზე.

მდინარაძის განცხადებით, სოციალური ქსელების გავლენა ძალიან დიდია მოსახლეობის განწყობებზე და მნიშვნელოვნად ქმნის, მათ შორის, პოლიტიკურ დღის წესრიგს.

მისივე თქმით, ფაქტია ისიც, რომ საქართველოში, განსაკუთრებით 2018 წლიდან დაიწყო სოცქსელების გამოყენება დეზინფორმაციისა და ყალბი კონტენტის შექმნისთვის, რაც უფრო მეტად დაკავშირებული იყო პიარკონსულტანტ შკრიალოვთან.

„გახსოვთ ალბათ, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ რუსი „პიარშიკი“, რომელმაც სიძულვილის ენის გამოყენება და დეზინფორმაციის სოცქსელების მეშვეობით გავრცელება მისი დაგეგმილი კამპანიის საფირმო ნიშნად აქცია.

სამწუხაროდ, დღესაც  ფეისბუქსივრცე გაჯერებულია დეზინფორმაციით, სიყალბით და სიძულვილის ენით, თუმცა თავად „ფეისბუქმა“ გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. მან გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარია „ფეისბუქის“ სხვადასხვა ყალბი გვერდისა და ანგარიშების ჩახსნაზე სხვადასხვა მიმართულებით, და რაც მთავარია, მასში საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია – „ნაციონალური მოძრაობა“. „ფეისბუქის“ განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის ძალისხმევა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება, მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებენ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, რათა რისკები მინიმუმადე იყოს შემცირებული.

„ფეისბუქის“ განცხადებითვე, ამ კამპანიის უკან მდგარი პირები ცდილობდნენ საკუთარი ვინაობის დამალვას, ვციტირებ, – გამოძიებით მოხდა ამ ქსელების დაკავშირება საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში იხარჯებოდა დიდი რაოდენობით თანხა, რასაც „ფეისბუქმა“ მიაკვლია. დაახლოებით საუბარია 100 000 ლარზე და ალბათ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება იყოს ამ ხარჯების მასშტაბი. ამავდროულად „ფეისბუქი“ ხაზს უსვამს, რომ მისი შეფასება დაეყრდნო საჯარო რაპორტინგს,  ანუ„ ნაცმოძრაობის“ ყალბი გვერდებისა და ანგარიშების გაუქმება მოხდა „ფეისბუქის“ მომხმარებელთა და არა რომელიმე ორგანიზაციის მიმართვების საფუძველზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას მადლობას უხდის და მიმართავს მათ, ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით დააკვირდნენ სოცქსელის მუშაობას საქართველოში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რაც დემოკრატიული გარემოს უფრო გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

„ბუნებრივია, მადლობას იმსახურებს „ფეისბუქის“ ადმინისტრაცია ამ ძალისხმევისთვის და მინდა, მივმართო მათ, „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას, ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით და ყურადღებით დააკვირდნენ მათი სოცქსელის მუშაობას საქართველოში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს წინასაარჩევნოდ დემოკრატიული გარემოს კიდევ უფრო გაჯანსაღებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ „ფეისბუქის“ ეს მიდგომა გაგრძელდება და სოციალურ ქსელებში ტყუილი და სიძულვილის ენა გადაიწევს უკან პლანზე.

სხვათაშორის, ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ევროკავშირის სტრაეგიული კომუნიკაციების სპიკერმა და მან თქვა, რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაზე განახორციელონ პიარული შტურმი, იერიში, რომ მათი ქვეყნების ხელისუფლებები ვერ ართმევენ თავს კოვიდინფექციასთან ბრძოლას და სწორედ ამ ალგორითმის მიმდევრები, ამ ალგორითმით დაბლოკა, მათ შორის საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ის გვერდები და მათი მხარდამჭერთა ის გვერდები, რომელიც „ფეისბუქმა“ ამ ალგორითმის ქვეშ მოიაზრა“, –  აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.