მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, ბოლო პროვოკაციას, რომელსაც ჩვენი შტაბის წევრები წამოეგნენ, შედეგად კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოჰყვა
მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, ბოლო პროვოკაციას, რომელსაც ჩვენი შტაბის წევრები წამოეგნენ, შედეგად კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოჰყვა

სამწუხაროდ, ბოლო პროვოკაციას, რომელსაც ჩვენი შტაბის წევრები წამოეგნენ, შედეგად კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოჰყვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციას, რადგან ამით „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამენ წყალს.

„სამწუხაროდ, ბოლო პროვოკაციას, რომელსაც ჩვენი შტაბის წევრები წამოეგნენ, შედეგად კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა მოჰყვა. სხვა ძალიან სერიოზულ ფაქტორებთან ერთად, ამ ფაქტის გამოც ყველას მოვუწოდებთ, მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციაზე აყოლისგან. როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი პროცესს აზიანებს და „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას შედეგად მოჰყვება პასუხისმგებლობა, რადგან ძალადობას არაფერი ამართლებს და არგუმენტი არ არსებობს, რის გამოც სამართალდამცავმა ან ვინმემ უნდა გაამართლოს კონკრეტული პირის რაიმე ბრალეული ქმედება.

ამას რევანშის სახით მეორე დღესვე, შედეგად მოჰყვა დაკავებული შუბითიძის ძმის ძალიან მძიმე ფიზიკური დაზიანება. მას სახის ყველა ძვალი მოტეხილი და დაზიანებული აქვს. მას საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან მეორე დღეს, დახვდნენ და სასტიკად სცემეს. ახლა კიდევ უფრო თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მისი ძმის მიმართ შურისძიება. ეს ადამიანი არის საარჩევნო სპეციალისტი, იცით, რომ საარჩევნო კომისიებში ჩვენი წევრების დაკომპლექტება მიმდინარეობს, მათ ორი კურდღლის დაჭერა სცადეს და ეს მძიმე დანაშაული ჩაიდინეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ ამ დრომდე არ მოხდა სამართლებრივი რეაგირება, მდინარაძემ უპასუხა, რომ საგამოძიებო მოქმედებებს კონკრეტული ვადები სჭირდება.

„თქვენ რომ ხედავთ, კამერები არსებობს, იმას სჭირდება კონკრეტული საპროცესო დამაგრება, საპროცესო მოქმედებები, მოწმეების გამოკითხვა. ეს მარტივად არ ხდება, სჭირდება სასამართლოს განჩინებები. საგამოძიებო ვადებს თქვენ ვერ დააწესებთ, დაწესებულია და გონივრული ვადები არსებობს იმისთვის, რომ მტკიცებულებების დამაგრება მოხდეს. ისე არ ხდება, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დროს ხდებოდა, როცა ორ საათში შეეძლოთ დაეჭირათ, რადგან იქ მტკიცებულებები არ იყო. დღეს უნდა იყოს შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ადამიანი ბრალდებულად პასუხისგებაში მისცე. ეს დრო არ არის ორი საათი, ხან ოთხი დღეა და ხან ოთხი თვე, გააჩნია, საქმის სირთულეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, მარნეულის ინციდენტებთან დაკავშირებით კონკრეტული პირების დაკავება დაკავშირებულია თუ არა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასთან, მდინარაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს სპეკულაციაა.

„განცხადებები ყოველ დღე კეთდება და ჩვენ შეგვიძლია, რომელიმე განცხადებას სპეკულაციურად დავუკავშიროთ კონკრეტული გადაწყვეტილება, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, იყო თუ არა საგამოძიებო და პროცესუალური მოქმედებები ჩატარებული ამ გუშინდელ განცხადებამდე, რომელზეც აპელირებთ და ცუდად გამოყენება გინდათ. ეს სპეკულაცია ამით დასრულდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობისთვის“ წინასაარჩევნო პერიოდში პროვოკაციების მოწყობა იარაღია, რომლის გამოყენების საშუალება მათ „ქართული ოცნების“ წევრებმა არ უნდა მისცენ.

„ყველა თათბირი, რომელიც ტარდება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისსა თუ რეგიონებში, იწყება და მთავრდება იმით, რომ ეს ადამიანები ქვეყნის მტრებიც არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი პოლიტიკური მტრის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი ბერკეტია ტყუილი და პროვოკაცია. საბედნიეროდ, მათ ტყუილებზე ხალხი არ რეაგირებს და საზოგადოება ძალიან გონიერია.

პოლიტიკური ოპონენტი პროვოკაციას მიმართავს და ამას არ უნდა წამოვეგოთ. მათ ის იარაღი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ, რომლის ხელში დაჭერასაც ცდილობენ. პროვოკაციაზე არ უნდა წამოგვაგონ“, – აცხადებს მდინარაძე.

29 სექტემბერს მარნეულში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. ამასთან, საქართველოს პირველი არხის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს. მომდევნო დღეს კი „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის წევრს თემურ შუბითიძეს თავს დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 29 სექტებერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე  ორი პირი დააკავა.