მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და პროვოკაციებს არანაირი აზრი აღარ აქვს
მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და პროვოკაციებს არანაირი აზრი აღარ აქვს

არჩევნები პრაქტიკულად დამთავრებულია, შედეგები არის ცნობილი, ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა, აქედან გამომდინარე, პროვოკაციებს არანაირი აზრი აღარ აქვს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იწვევს გარკვეულ პრობლემებს ადგილზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტზე კომენტარისას განაცხადა.

„მინდა ვუთხრა ყველას, ეს იქნება ჩვენი მომხრე, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე, ჩვენთვის ყველა მოქალაქე ძვირფასია, ჩვენ თანაბრად ვაგებთ პასუხს თითოეულ მათგანზე. არჩევნები პრაქტიკულად დამთავრებულია, შედეგები არის ცნობილი, ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო სალომე ზურაბიშვილს, „ქართულ ოცნებას“ ეს შედეგები და აქედან გამომდინარე, პროვოკაციებს, გარკვეულ ინსინუაციებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, არანაირი აზრი აღარა აქვს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იწვევს გარკვეულ პრობლემებს ადგილზე.

მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავს, მოვუფრთხილდეთ ნერვებს, ამის დრო აღარ არის. ჩვენ ხვალიდან, უკვე ახალ დღის წესრიგზე უნდა ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ. სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, შეეგუოს ყველა ადამიანი ამას, ვინც მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ჩვენ მათ ინტერესებსაც ყოველთვის დავიცავთ და აღარ არის საჭირო ზედმეტი მოძრაობები და ზედმეტი პროვოკაციები“,- განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე მოუწოდებს ყველას, ვინც თვლის რომ მათი უფლება დაირღვა, გაასაჩივრონ.

„თუ ვინმე სადმე რაიმე დარღვევას დააფიქსირებს, აქედან გამოსავალი არ არის პროვოკაცია, მანქანებზე შეხტომა, გზის გადაკეტვა, ჩხუბი, ფიზიკური დაპირისპირება და საამისოდ პროვოკაციები, ამისი უებარი საშუალება არის გასაჩივრება შესაბამისი წესით.

მოვუწოდებ ყველა მათგანს, ვინც თვლის, რომ მისი უფლება დაირღვა, გაასაჩივროს და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი შესაბამისი ორგანო ამაზე მოახდენს სათანადო და ადეკვატურ რეაგირებას, ამიტომ პროვოკაციების მოწყობას ჯობია ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად და ყველაფერი იქნება წესრიგში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ მარნეულში, 59-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა.