მამუკა მდინარაძე - რუსეთის ღია აგრესიის კვალდაკვალ, მეხუთე კოლონა განაგრძობს საქართველოს, მისი ხელისუფლების, მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა უშედეგოდ
მამუკა მდინარაძე - რუსეთის ღია აგრესიის კვალდაკვალ, მეხუთე კოლონა განაგრძობს საქართველოს, მისი ხელისუფლების, მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა უშედეგოდ

სტრასბურგის შემდეგ ჰააგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გამარჯვება და საქართველოს უმნიშვნელოვანესი წარმატება საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე გამოეხმაურა ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას, აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავებაზე ორდერების გაცემასთან დაკავშირებით.

„პარალელურად, იმის მიუხედავად, რომ ომისპარტიელებმა თავის დროზე მთავარი მტკიცებულება, რუსული „ისკანდერის“ ნაწილებიც კი გადამალეს, ნაცურმა სპეცოპერაციამ – „იქნებ მივიწეროთ“, სტარტი აიღო…

გასულ წლებში მათი მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიებიდანაც შეგვიძლია ერთ-ერთი გავიხსენოთ: ჰააგის მიმართულებით „ქართული ოცნება“ იმიტომ აქტიურობს, ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგესო.

ამასობაში მეხუთე კოლონის მთავარი ტელევიზიიის უშედეგო მცდელობაც ვიხილეთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რაიმე დამაზიანებელი ეთქვა საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე.

რუსეთის ღია აგრესიის კვალდაკვალ, მეხუთე კოლონა კვლავ განაგრძობს საქართველოს, მისი ხელისუფლების, მშვიდობის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა უშედეგოდ!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა სამი პირის მიმართ დაკავების ბრძანებები გამოსცა. პროკურორმა დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა შემდეგ პირებზე: მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გამლეტ გუჩმაზოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.