მამუკა მდინარაძე - რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვა რატომ დაუკავშირა „გირგვლიანის შესწორებებს“, თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ
მამუკა მდინარაძე - რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვა რატომ დაუკავშირა „გირგვლიანის შესწორებებს“, თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ე.წ გირგვლიანის შესწორებებთან არაფერ შუაში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ე.წ გირგვლიანის შესწორებებს, მდინარაძის თქმით, ის დარეგისტრირებულია და ბიუროს ხვალინდელ სხდომაზეც გავა.

მემორანდუმთან, რომელიც დაკავშირებულია 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვასთან, არაფერ შუაში არ არის „გირგვლიანის შესწორებები“. რატომ თქვა პრეზიდენტმა, თავად უნდა ჰკითხოთ.

თავის მხრივ, „გირგვლიანის შესწორებები“, რომელიც უკვე დარეგისტრირებულია და ხვალინდელ ბიუროზე გავა, შეეხება სამომავლო პრევენციას, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს და ხელს უწყობს მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან. მეორეს მხრივ, ეს არის ძალიან მაღალი გარანტია იმისა, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი ქმედებების ჩადენა“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მემორანდუმი ე.წ. გირგვლიანის შესწორებებს უკავშირდება და მისი მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის N76-ის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლას, სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენას უზრუნველყოფს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პრეზიდენტმა წინა ხელისუფლების დროს არსებულ სისტემურ დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეფასების გარდა, პარლამენტმა 2012 წელს საკანონმდებლო აქტიც შექმნა, რომელშიც პოლიტიკური დევნის ფაქტები და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების სიაც იყო, თუმცა საქმე ამ ნაბიჯის იქით არ წასულა. ამასთან, მისი თქმით, მან მხარი დაუჭირა ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივას, თუმცა დღემდე რამე რეალური დოკუმენტი, რომელზეც საუბარი შედგებოდა, არ არსებობს.