მამუკა მდინარაძე - პარლამენტში ოპოზიციისგან ვხედავთ ევრორეკომენდაციების საბოტაჟს, ვინ დადის ევროპული რეკომენდაციების და ევროპული გზის საწინააღმდეგოდ, უკვე ყველაფერი ნათელი გახდა 
მამუკა მდინარაძე - პარლამენტში ოპოზიციისგან ვხედავთ ევრორეკომენდაციების საბოტაჟს, ვინ დადის ევროპული რეკომენდაციების და ევროპული გზის საწინააღმდეგოდ, უკვე ყველაფერი ნათელი გახდა 

ჩვენ ახლა ვხედავთ ევრორეკომენდაციის საბოტაჟს, ეს არის ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟი და ამას ჰქვია დავალების შემსრულებლების მიერ სხვათა ხმის უფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობს.

როგორც მდინარაძემ მას შემდეგ განახადა, რაც პარლამენტში გამართული კენჭისყრის მერე ოპოზიციის ნაწილმა სხდომა დატოვა, სწორედ მათი საქციელია საბოტაჟი.

„თავის დროზე ესენი ახერხებდნენ ამას და ახლა ვეღარ უნდა მოახერხონ. წარმოუდგენელი ამბავია, რომ სხვა კოლეგებს მოუწოდებდე, დატოვონ დარბაზი, არ მისცენ ხმა, ეს არის ნაცური მმართველობა და ეს არის აგენტების მიერ მმართველობის ფორმა, რომლის დამკვიდრებაც უნდათ და ამ ქვეყანაში ეს არ დამკვიდრდება. ბატონო თავმჯდომარევ, გთხოვთ, შევწყვიტოთ ახლა კენჭისყრა, შევაჩეროთ კენჭისყრა. ბუნებრივია, ის შედეგები, რაც უკვე დადგა, მიღებულია და არის უკვე დიდი ნაბიჯი გადადგმული, რომ კიდევ ერთი ევროპული რეკომენდაცია შევასრულოთ. ვინ აკეთებს საპირისპირო საქმეს, ვინ დადის ევროპული რეკომენდაციების და ევროპული გზის საწინააღმდეგოდ, აქ უკვე ყველაფერი ნათელი გახდა და ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რეალურად რა ხდება, ვინ არის მომხრე ევროპული გზის და ვინ მიდის აშკარად ასე თავხედურად ამ ყველაფრის წინააღმდეგ“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა ამ დროისთვის იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა.