მამუკა მდინარაძე – ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ხისტი, მაგრამ პრაგმატული პოზიცია გვაქვს, ყველა ნაბიჯს პარტნიორებთან ვათანხმებთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსეთის წარმომადგენლებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ხისტი, მაგრამ პრაგმატული პოზიცია აქვს.
მისი თქმით, ხელისუფლება თითოეულ ნაბიჯს საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებთან ათანხმებს.
„კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ხისტი, მაგრამ პრაგმატული პოზიცია, რომლის ფარგლებშიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ამ მიმართულებით არ ვიღებთ, თითოეულ ნაბიჯს ვათანხმებთ ჩვენს საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებთან, დასავლეთთან და ეს გადაწყვეტილება იქნება, თუ ყველა სხვა გადაწყვეტილება, იქნება ამ კონტექსტში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა საუბარი ყველასთან, მათ შორის რუსეთთან.
„უნდა ელაპარაკო აბსოლუტურად ყველას, თუნდაც შენი ქვეყნის ოკუპანტს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ რა ფორმატში შედგება ეს საუბრები, ეს უკვე ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ასევე ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ხოლმე თითოეულ რჩევას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვენს ეროვნულ დონეზე მიღებულ კანონს არ შეეხება და, მეორე მხრივ, გარკვეულ უხერხულობას არ შეგვიქმნის საერთაშორისო დონეზე“,- განცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან.
ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ, რომლებსაც დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ, საქართველოში მათი ჩამოსვლის შემთხვევაში, შესაბამისი სააღსრულებო მექანიზმები გამოიყენონ.