მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას ფუნქციაა, პარლამენტში პროვოკაციისთვის იაროს, რადგან სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს
მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას ფუნქციაა, პარლამენტში პროვოკაციისთვის იაროს, რადგან სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკა მელიას ფუნქციაა, პარლამენტში პროვოკაციისთვის იაროს, რადგან სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს.

მამუკა მდინარაძე დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოება პარადოქსულ პოლიტიკურ რეალობაში ცხოვრობს.

„ნიკა მელია მოძალადესა და კრიმინალს ირაკლი კობახიძეს უწოდებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობაზე საუბრობს და ხელს „ქართული ოცნებისკენ“ იშვერს. ნიკა მელია 45 სხდომიდან ორ სხდომას დაესწრო, სადაც პარტიიდან მინიჭებული უფლებამოსილებით იყო მოსული, რომ პროვოკაცია მოეწყო, პარლამენტისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, რამენაირად ხელი მოხვედროდა და რომელიმე დეპუტატი პროვოკაციაზე წამოეგო. ამასაც კი ახერხებს ხოლმე მაშინ, როცა ვცდილობთ, მის პროვოკაციას მოთმინებით შევხვდეთ. ნიკა მელიას ფუნქციაა, პარლამენტში პროვოკაციისთვის იაროს, რადგან სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ირმა ინაშვილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ მოაწყო კლოუნადა.

„არაფერი არ ხდება, ისინი უბრალოდ მარცხს ვერ ეგუებიან. მერამდენედ უნდა მოაწყოს კლოუნადა ნიკა მელიამ. „ნაცმოძრაობა“ ვერ ეგუება მწარე მარცხს, რომელსაც ჩვენ დავპირდით. ასეთია დამარცხებული „ნაცმოძრაობის“ სახე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.