მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ დესტრუქციას ახალგაზრდების პროტესტს არქმევენ
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ დესტრუქციას ახალგაზრდების პროტესტს არქმევენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ქუთაისში გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მისი ინფორმაციით, ქუთაისში ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მივარდნენ „ქართული ოცნების“ ოფისში და შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ასევე მოიქცნენ, რაც მოსაწონი არ არის.

„საოცარია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ დესტრუქციას დაარქმევენ ხოლმე ახალგაზრდების პროტესტს და როდესაც მოქალაქეები მივიდნენ სადღაც, ძალიან ცუდად მოიქცნენ შეიძლება, არ ვიცი ზუსტად დეტალები, ამას ჰქვია დარბევა და დაბრალება ხელისუფლებისთვის. ეს არის ტენდენცია, რომელშიც არ უნდა ჩავერთოთ ღრმად, უნდა ვიყოთ ობიექტური. მე ვიცი ასეთი რამ, რომ ჯერ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ მივარდნა „ქართული ოცნების“ ოფისში და შემდეგ მათ შორის ჩვენი გამოკვეთილი მხარდამჭერების მიერ ასეთივე ქცევა, არც ერთი არ არის მოსაწონი. როდესაც ხუთი და ათი იმდენს გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, კითხვას არ სვამენ, რომ ამ ფიზიკური შეურაცხყოფის და სხვა დესტრუქციების გამო უნდა მოხდეს თუ არა მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ამ შემთხვევაში კი, კითხულობთ, უნდა მოხდეს თუ არა დაკავება“, – განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე მამუკა მდინარაძემ.

ქუთაისში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ დაახლოებით ხუთსაათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.  ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. მოგვიანებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოფისში ჩაკეტეს. შესასვლელ კარს აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ბოქლომი დაადო. „ქართული ოცნების“ წევრებმა ამ ფორმით ოპოზიციის მიერ მმართველი პარტიის ოცნების ოფისზე ბოქლომის დადება გააპროტესტეს.

დატოვე კომენტარი