მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი, „ევროპული საქართველო“ მართლაც გაეხვა სკანდალში
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი, „ევროპული საქართველო“ მართლაც გაეხვა სკანდალში

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი, „ევროპული საქართველო“ მართლაც გაეხვა სკანდალში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ​ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც,  მათ პარტიაში „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი გადავიდა. მდინარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვინც გიგი უგულავას გვერდით იდგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა გიგი უგულავას კიდევ ერთ განცხადებაზე, სადაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ სიაში ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ჩასვა.

მისივე თქმით, სწორედ ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის მიერ ოთარ ფარცხალაძეზე დასმული შეკითხვიდან რამდენიმე საათის შემდეგ უწოდა გიგი უგულავამ მას ოთარ ფარცხალაძის კადრი.

„ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი, მართლაც გაეხვა სკანდალში. უგულავამ ფაქტობრივად, ვეღარ უარყო ჩემი ნათქვამი, რადგან არც ერთი მათგანი არ იყო „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრი. უფრო მეტიც, ბევრ მათგანს საერთოდ არ ჰქონდა შეხება „ქართულ ოცნებასთან“. მეორე – უგულავას გვერდით ედგა გურამ ჭვინტიაშვილი, რომელიც 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ და დღეს „პატრიოტთა ალიანსშიც“ აღარ არის. მესამე – არანაკლები სკანდალი, როდესაც ზაზა ოქუაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტმა განცხადების გაკეთების დროს დამისვა კითხვა ოთარ ფარცხალაძეზე, დაახლოებით საათნახევრის შემდეგ უგულავამ გაიმეორა. ახლა ეს დამთხვევაა, თუ ოქუაშვილის საერთო მესიჯები, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ერთი დანაყოფის – „ევროპული საქართველოსი“, ამაზე თავად გასცენ პასუხი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ქეთევან მაღლაკელიძეს, მამუკა მდინარაძის თქმით, „დაზუსტებული ინფორმაციით, 2012 წელს იყო ყრილობაზე იმ 3 000-მდე ადამიანს შორის, რომელმაც დააფუძნა „ქართული ოცნება“, დღეს მას „ქართულ ოცნებასთან“ აღარანაირი შეხება აღარ აქვს“.

„რჩევას მივცემ გიგი უგულავას, ნუ წვალობს ამდენს რომ გადაფაროს ის, თუ თავიანთი წევრები როგორ გაურბიან, მათ შორის, პარლამენტის წევრი მამუკა ჩიქოვანი და ბევრი მათი სხვა წევრი გადადის სხვა დანაყოფში „ნაციონალურ მოძრაობაში. მივცემ რამდენიმე ერთეული ადამიანის სიას, რომელიც 2012 წლიდან 2018 წლამდე გავიდა ან გაირიცხა „ქართული ოცნებიდან“, შემდეგ ჩაატარონ ბრიფინგი, გააბევრონ სხვა ისეთი ადამიანებით, რომლებიც არასდროს ყოფილან „ქართულ ოცნებაში“ და ისევ მშვენიერი ბრიფინგი გამოუვათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.