გიგი უგულავა აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ სიაში ოთარ ფარცხალაძემ ჩასვა
გიგი უგულავა აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ სიაში ოთარ ფარცხალაძემ ჩასვა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მმართველ პარტიას გულზე ხვდება ის ტენდენცია, რომ მათივე მომხრეებისა და აქტივისტების ნაწილისთვის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი მიუღებელია.

„როგორც ჩანს, მათ გულზე მოხვდათ ის ტენდენცია, რაც მათ შტაბში ხდება. ის, რომ სალომე ზურაბიშვილი მათივე მომხრეებისთვის და მათივე აქტივისტებისთვის მიუღებელია. „ქართული ოცნების“ ბევრი მომხრე და აქტივისტი წინააღმდეგია სალომე ზურაბიშვილის და საბოლოო ჯამში, ეს გამოჩნდება 28 ოქტომბერს, არჩევნების საღამოს“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის საპასუხოდ გააკეთა.

მანამდე, უგულავამ რამდენიმე ადამიანთან ერთად პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამო, მმართველ პარტიას აქტივისტები ტოვებდნენ, რაზე საპასუხოდაც მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ პრესკონფერენციაზე მყოფი ადამიანებიდან არც ერთი დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის.

ამ განმარტების საპასუხოდ გაკეთებულ კომენტარში გიგი უგულავამ ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ოთარ ფარცხალაძის კადრი უწოდა და აღნიშნა, რომ მამუკა მდინარაძე მმართველი პარტიის სიაში ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ჩასვა.