მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ საერთო პრინციპები აქვთ, რომელიც საზოგადოების ინტერესებს არ ემთხვევა
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ საერთო პრინციპები აქვთ, რომელიც საზოგადოების ინტერესებს არ ემთხვევა

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ერთი წარსული, ერთი აწმყო და ერთი მომავალი აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ორი პარტიის შეხედულებები საზოგადოების შეხედულებებს არ ემთხვევა.

„ისინი ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან. მათ აქვთ ერთი წარსული, ერთი აწმყო და ერთი მომავალი, საერთო პრინციპები, საერთო შეხედულებები, რომელიც საზოგადოების შეხედულებებს არ ემთხვევა და არც საზოგადოების ინტერესებს ემთხვევა, არც სასამართლოსთან, არც ადამიანის უფლებებთან, არც ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. წინ გვაქვს ამის ბევრი მაგალითი“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ სუბიექტური ინტერესები აქვთ.

„მათ აქვთ პირადი, სუბიექტური ინტერესები. ამაში ემთხვევიან ერთმანეთს. საბოლოოდ ისინი მაინც ერთად იქნებიან. ისინი არიან ერთი ხის ბევრი ტოტი. ვერ გაიყრებიან საბოლოოდ, ამის ილუზია არ ჰქონდეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მარნეულსა და ჭიათურაში დაარღვია. ბობოხიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არანაირი შეთანხმება არ დარღვეულა.